ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი - დაწერე განცხადება და წადი სახლში! გადადექი! - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პარლამენტში ვეღარ მიდის, რადგან საკანონმდებლო ორგანო ქართველი ხალხის ნებას აღარ გამოხატავს.
„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და სახელმწიფოებრიობას ორი მთავარი საყრდენი აქვს, ერთი ეს არის ქართული ჯარი და მეორე ქართული დიპლომატია. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას სჭირდება ორივე. ქართველი დიპლომატები ყოველთვის უნდა იყვნენ საკუთარი სახელმწიფოს ჯარისკაცები და დღეს მათი გენერალი, საგარეო საქმეთა მინისტრი ვეღარ მოდის საქართველოს პარლამენტში იმიტომ, რომ ეს პარლამენტი აღარ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას. ამიტომ მე ილია დარჩიაშვილს ერთადერთ რამეს ვეტყვი, დაწერე განცხადება და გადადექი იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება ითვლის საკუთარი არსებობის უკანასკნელ თვეებს და შენ ის მაინც შეგრჩება შენს ბიოგრაფიაში, რომ ხელი არ მოაწერე ქვეყნის ღალატს გადამწყვეტ მომენტში. დაწერე განცხადება და წადი სახლში!” - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.