დეპუტატები სალომე სამადაშვილი და ხატია დეკანოიძე გერმანიის ბუნდესტაგის წევრს რობინ ვაგენერს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მთავარი საკითხები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმდინარეობას შეეხებოდა.
მხარეებმა წლის ბოლოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
„ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოში პრორუსული და ანტიდასავლური პროპაგანდა არის ძალიან მნიშვნელოვანი დაბრკოლება კანდიდატის სტატუსისთვის. ასევე, ძალიან კარგად ესმით, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი მათ შორის, რომელიც დადგება დასავლეთსა და რუსეთს შორის. ვისაუბრეთ პოლარიზაციის შემცირების გზებზე, ნიკა გვარამიას პატიმრობაზე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასევე, არსებობდა კითხვები ოპოზიციასთან მიმართებაში, რა იქნება ოპოზიციის გეგმა და როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ პოლიტიკური ლანდშაფტი, რათა პოლარიზაცია შევამციროთ“, - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.
შეხვედრისას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის პროცესში გერმანიის განსაკუთრებული როლი აღინიშნა.
„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, გერმანიის და განსაკუთრებით, ბუნდესტაგის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია. მათ სურთ გაერკვნენ რა ვითარებაა შექმნილი ევროკავშირის მოთხოვნების შესრულების თვალსაზრისით. 12- პუნქტიანი მოთხოვნების შესრულების გარეშე იციან, რომ ძალიან გაჭირდება ამ სტატუსის მიღება“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.