ჩვენი პარტნიორების აზრით, არჩევნებში გარე ჩარევა მომდინარეობს იმ რეჟიმისგან, რომლის ამოცანაა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს განადგურება - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„მე ვხედავ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები ნამდვილად ხედავენ არჩევნებში ჩარევის მცდელობას, ამიტომაც არის დასანქცირებული “ქართული ოცნების”, ივანიშვილის და პაპუაშვილის მოკავშირეები, მაგალითად, ოთარ ფარცხალაძე. ასევე, ამიტომ მოხდა დამატებით 4 პირის დასანქცირება და “მაგნიტსკის სიის” ქვეშ შეყვანა, ამიტომ არის საუბარი იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი არის შემდგომი სანქციების სამიზნე თუ ის ქართველი ხალხის თავისუფალი ნებისთვის ხელის შეშლას შეეცდება. ასე რომ, ჩვენი პარტნიორების აზრით, არჩევნებში გარე ჩარევა მომდინარეობს იმ რეჟიმისგან, რომლის ამოცანაა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს განადგურება და ამ ჩარევის მიზანია, მათი მოკავშირე ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლების სახით შეინარჩუნონ ქვეყნის მართვის სადავეებში, რასაც არც ქართველი ხალხი დაუშვებს და არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები”,- განაცხადა სამადაშვილმა.