უცხოელ დამკვირვებლებთან საუბარშიც აღვნიშნე, რომ ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორისი კომისიის არცერთ სხდომაში არ მიუღია მონაწილეობა, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით არ არიან დაინტერესებული, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შექმნა სურს.
"ყველა სახის გამოკითხვა, მათ შორის, ავტორიტეტული ორგანიზაციების წინასაარჩევნო შეფასება ცხადყოფს, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესი ნამდვილად მშვიდ, კონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობს. ასევე ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ ოპოზიცია ნამდვილად არ არის მოტივირებული, არჩევნები ჩატარდეს საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეს გვქონდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათშორისი კომისიის რიგით მერვე სხდომა, არცერთ სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციის წარმომადგენელს. ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან ოპოზიცია საქართველოში სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებით თუ არის დაინტერესებული, შეუძლიათ, მობრძანდნენ, ასევე მოისმინონ სახელმწიფო სამსახურების შესაბამისი განმარტება ყველა შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. მათ შორის უცხოელ დამკვირვებლებთან საუბარშიც აღვნიშნე, რომ ოპოზიციის არცერთ წარმომადგენელს – ვგულისხმობ იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც იქნებიან საარჩევნო ბიულეტენზე, არცერთ სხდომაში არ მიუღია მონაწილეობა. ეს ყველაფერი მეტყველებს, რომ ოპოზიცია არ არის დაინტერესებული სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. მათ საზოგადოებაში უარყოფითი მუხტის შექმნა სურთ და მთელ რესურსს მხოლოდ ამ საქმიანობაზე მიმართავენ. კარგად იციან, რომ არჩევნებში მარცხდებიან და, შესაბამისად, არეულობის მუხტის შექმნა სურთ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას ფალსიფიცირებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, მინისტრმა განმარტა, რომ ყველასთვის ცხადია, ვის ინტერესებში შედის საქართველოში ვითარების არევა და საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვა.
„ვფიქრობ, ამ საკითხზე სუს-ის განცხადება საკმაოდ ამომწურავი და სრულყოფილი იყო. ყველასთვის ცხადია, ვის ინტერესებში შედის საქართველოში წინა საარჩევნო პროცესის არასწორად წარმართვა, ვითარების არევა და მოსახლეობის ნებაზე ზემოქმედების მოხდენა. რა თქმა უნდა, ეს არის რადიკალური ოპოზიცია და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მაქსიმალურად გაავრცელონ პროპაგანდა, თითქოს საარჩევნო პროცესები დარღვევებით მიმდინარეობს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.