დღეს იუსტიციის სამინისტროში უწყებათაშორისი კომისია გაიმართა. კომისიაზე საუბარი იყო პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, არჩევნების დღეს, ორბელიანების სასახლეში საარჩევნო შტაბის გახსნას.
როგორც რატი ბრეგაძე აცხადებს, მსგავსი ქმედება შეიცავს კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს.
"როდესაც საუბარია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოში ერთობლივად უნდა იზეიმონ გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამარჯვება, ეს, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცავდეს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნებს. ამასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციის წარმომადგენელს ვთხოვეთ მობრძანება, თუმცა დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი კომისიის სხდომას არ დასწრებია, რაც ძალიან სამწუხაროა. თუმცა, მათი მხრიდან გაკეთდა წერილობითი განმარტება, რაც კომისიის მიერ არ იქნა მიჩნეული დამაკმაყოფილებლად. ეს ნათლად მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ პრეზიდენტი არ არის განწყობილი საარჩევნო საკითხებზე სათანადოდ სათანამშრომლოდ,"- აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.