„ოფშორების კანონი“ ტოტალურად არაგამჭვირვალეა, კიდევ ცვლილებები იქნა მიღებული, რაც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ გავუმკლავდებით,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა.
„ბოლო პერიოდში ჩვენ ნაკლებად გვაქვს დრო და საშუალება, რომ მივაქციოთ ყურადღება დანარჩენ კანონებს, რაც მიღებულია სასწრაფო ტემპით, აჩქარებული პროცედურებით. მთელი ფოკუსი არის „რუსულ კანონზე“ და ჩვენ არ მივაქციეთ იმდენი ყურადღება, რაც საჭირო იყო.
მაგალითად „ოფშორების კანონს“, რომელიც არის ყველაფერი გარდა გამჭვირვალეობისა. ეს სიტყვა ძალიან მოსწონთ ხოლმე, მაგრამ არა ყოველთვის და ამ შემთხვევაში ტოტალურად არაგამჭვირვალე კანონია, რომელიც ქვეყანას ხსნის ყველასთვის უცნობი სხვადასხვა კაპიტალისთვის.
ასევე, ცვლილებები იქნა კიდევ მიღებული, რომელიც აუარესებს საარჩევნო კოდექსს, მაგრამ არა უშავს, ამასაც გავუმკლავდებით.
მზადდება ძალიან მავნებლური კანონი საპენსიო ფონდზე. ეს ცოტა უფრო ტექნიკური და რთული საკითხია. ის, რაც ახლა მიმდინარეობს, ეს არის საპენსიო ფონდის მთავრობის ხელში გადატანა და ძალიან საშიში მიმართულებაა”, - აცხადებს პრეზიდენტი.