ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, რამეთუ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი რეალური პერსპექტივაა, რათა იქ, სადაც ჩვენ ვართ, მშვიდობიანად განვვითარდეთ და მივიღოთ ყველა ის კეთილდღეობა, რაც ევროპას მოაქვს.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კამპანია „ჩვენი ხმა ევროპას“ ყოფილიყო სრულყოფილი კამპანია, რომელიც მოიცავდა საქართველოში ყველა წარმოშობის მოქალაქეს, რადგან ევროპა სწორედ მოქალაქეობაა.
„მოქალაქეს არ აქვს ეროვნება, უფრო სწორად, თავისი ეთნიკური წარმოშობით, რელიგიური მრწამსით, ძირითადი ფესვებით სრულყოფილი მოქალაქეა და ევროპული ტიპის სახელმწიფოში ყველას უნდა ჰქონდეს წარმატებისა და სრულყოფილად არსებობის საშუალება. ამის საშუალება საქართველოში ყოველთვის იყო და დღესაც არის. სწორედ ამით და თქვენით, საქართველო ევროპელი იყო, ვიდრე ევროპა ევროპელობდა და ევროპული იქნება, რადგან საქართველოს კულტურაში ეს ფასეულობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველას ჰქონოდა თავისი იდენტობის, ენის, მრწამსის შენარჩუნებისა და განვითარების საშუალება. ამით თქვენ ჩვენთან ერთად და ჩვენ თქვენთან ერთად ვუგზავნით ჩვენს ხმას ევროპას, რომ ეს არის ის საფუძველი, რომელზეც გვინდა, მომავალი სახელმწიფო აშენდეს.
ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოა, რამეთუ ეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი რეალური პერსპექტივაა, რათა იქ, სადაც ჩვენ ვართ, მშვიდობიანად განვვითარდეთ და მივიღოთ ყველა ის კეთილდღეობა, რაც ევროპას მოაქვს. პირველ რიგში, გამყარდეს ის თავისუფლება, რომელიც ყველას ინდივიდუალურად საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო წარმატებულები ვიყოთ. მინდა, ყველას ასეთ ხვალინდელ საქართველოში ცხოვრება გისურვოთ.
მინდა, დღევანდელი დღე, აქ ერთად ყოფნის დღე ყველას მოგილოცოთ. მინდა, ებრაელ თანამოქალაქეებს მოგილოცოთ ხანუქას დაწყება. მომავალი კვირის დღესასწაულს ვულოცავ ეზიდებს, ხოლო კათოლიკებსა და მართლმადიდებლებს მომავალ შობას. ყველა დღესასწაულს ჩვენ ყველა ერთად ვზეიმობთ, რადგან ერთად ცხოვრება ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს არა მხოლოდ პატივს ვცემთ, არამედ ერთად ვზეიმობთ და ერთად ვგლოვობთ, გლოვის ჟამს. დღეს მინდა, ვახსენო სომხებისთვის ეს მძიმე დღე – სპიტაკი, რომელიც 35 წლის წინ მოხდა და ეს არ უნდა დავივიწყოთ, რადგან ის ჩვენი მეზობელი ქვეყანაა და აქ მცხოვრები სომხური წარმოშობის ქართველი მოქალაქეები ამ დღეს ძალიან მძიმედ იხსენებენ და მათთან ერთად ჩვენც. მინდა, ყველას სასიამოვნო საღამო გისურვოთ. ეს იმ ტოლერანტობის ზეიმი იქნება, რომელიც ჩვენი ნიშანია, იყო და არის კავკასიის ნიშანი და მომავალშიც, ევროპულ კავკასიაში ჩვენი დამახასიათებელი ნიშანი იქნება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.