სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით აღნიშნულ საფრთხეებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან ერთობლივი პრესკონფერენციისას განაცხადა.

ყაველაშვილის თქმით, საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს.

„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულმა განსაკუთრებულმა, ხანგრძლივმა მეგობრობამ და საერთო გონივრულმა პოლიტიკამ მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენი რეგიონის როლი სწორად განგვესაზღვრა. დარწმუნებული ვარ, ჩვენი საერთო მომავალი მოიცავს წარმატებულ, ეკონომიკურად ძლიერ და აყვავებულ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, სადაც ჩვენი ხალხები შეძლებენ ბედნიერ თანაცხოვრებას საკუთარი ადათ-წესებით და არა თავს მოხვეული ფსევდოლიბერალური ღირებულებებით. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნები არაერთხელ გახდნენ გარე ძალების მხრიდან ორმაგი სტანდარტისა და შიდა საქმეებში ჩარევის ობიექტები. არაერთი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ მტკიცედ ვუმკლავდებით აღნიშნულ საფრთხეებს და უზრუნველვყოფთ რეგიონის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. შეუძლებელია, ჩვენზე უკეთ რომელიმე მესამე ქვეყანამ ან ორგანიზაციამ იცოდეს, რა არის საუკეთესო ჩვენი ხალხებისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.