ეროვნული კინომემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურის სამინისტროს, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრს, სს "ქართულ ფილმსა" და შპს "ქართულ კინო დისტრიბუციას" შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს კულტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი მირცხულავამ, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ, სს „ქართული ფილმის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ხათუნა ხუნდაძემ, შპს „ქართული კინო დისტრიბუციის“ დამფუძნებელმა და დირექტორმა ალექსანდრე გვარიშვილმა და ამავე კომპანიის დირექტორმა ოთარ ლითანიშვილმა.
თანამშრომლობის ფარგლებში, ეტაპობრივად განხორციელდება კინომემკვიდრეობის მასშტაბური აღდგენა-გაციფრულება და მისი ერთიან ციფრულ პლატფორმაზე განთავსება.
დაგეგმილია 3 500-მდე მხატვრული და 27 000-მდე დოკუმენტური და საარქივო მასალის გაციფრულება. განსაკუთრებული მნიშვნელობის კინომასალა აღდგება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ არქივში დაცული მასალების მნიშვნელოვანი ნაწილი დღემდე არ არის გაციფრულებული, ხოლო ზოგიერთი მათგანი ერთადერთი ეგზემპლარია და ფიზიკური დაზიანების მაღალი რისკის ქვეშაა.
ინიციატივა ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას, მათ შორის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის წამყვანი კინოარქივების გამოცდილებას, რაც უზრუნველყოფს როგორც კინომემკვიდრეობის ხელმისაწვდომობას, ისე ლიცენზირების, საავტორო უფლებების დაცვისა და მასალების სისტემატიზაციის ეფექტიან მექანიზმებს.
გაციფრულება და ლიცენზირების პლატფორმის შექმნა საქართველოში კულტურისა და შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.









