სალომე ზურაბიშვილი მართლა სკამს ვერ ელევა და ეს არის მთავარი მიზეზი მისი მძიმე ემოციური მდგომარეობისა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ როგორ შეაფასებდა მთავრობის მეთაური სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, პრემიერმა უპასუხა, რომ ეს ყველაფერი მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს.

 

„თავისთავად, ამ სიტყვებს რომ იყენებს სალომე ზურაბიშვილი, ეს მეტყველებს მის მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე. მართლა სკამს ვერ ელევა, ეს არის მთავარი მიზეზი მისი მძიმე ემოციური მდგომარეობისა. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა უმარტივესი ჭეშმარიტება - რომ არავითარი მტკიცებულება არ არსებობს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც დევს ხელისგულზე. თვითონ ოპოზიციამ ვერაფერი წარმოადგინა და ბოლოს დარჩნენ იმ მესიჯზე, რასაც ჰქვია გაჟონვა ბიულეტენიდან, ამ დროს ეს გაჟონილი ბიულეტენიც კონვერტში იყო ჩადებული. სადაც ამომრჩეველი სწორად მონაწილეობდა პროცედურებში, არსად ხმის ფარულობა არ იყო დარღვეული. მთელმა ISFED-მა, რომელიც აკვირდებოდა 700 000 ამომრჩეველს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაადგინა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა. ეს ბოლო არგუმენტიც აქვთ ხელიდან გამოცლილი. შესაბამისად, არავითარი საფუძველი არ ჰქონდა ამ სარჩელს და საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უალტერნატივო გადაწყვეტილება, რამაც გამოიწვია რადიკალური ოპოზიციის იმედგაცრუება,“- განაცხადა პრემიერმა.