მინდა, დავიწყო მოლოცვით – ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწიეთ უდიდეს გამარჯვებას. ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს არის მრავალი თაობის ოცნების ახდენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ბუნებრივია, არ იყო მარტივი, ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევით აღსავსე პერიოდები გავიარეთ, ბევრი განსაცდელი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიხელმძღვანელეთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ მივაღწიეთ ამ შედეგებს. ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ. 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები.
მე ადრეც მითქვამს, თუ ვინმემ, რომელიც ხელისუფალმა მიაღწია რაიმე კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“. დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და დაგვირგვინდა ჯერ შარშან ევროპული პერსპექტივის აღიარებით და უკვე წელს, კანდიდატის სტატუსის მოპოვებით“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.