სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2020 წლიდან, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა.
„არსებობს უინსტონ ჩერჩილის ცნობილი გამონათქვამი: პოლიტიკაში არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, არსებობს მუდმივი ინტერესები. ავღანეთისა და უკრაინის მაგალითებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს ერთადერთი მუდმივი მეგობარი მისი სუვერენიტეტია. სუვერენიტეტი არის ქვეყნის უსაფრთხოების ყველაზე მტკიცე გარანტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს. ეს იქნებოდა უპასუხისმგებლობა 9 აპრილის გმირების წინაშე, რომლებიც აქ, ამ მოედანზე სწორედ საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას შეეწირნენ.
განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა, რომ ბეწვის ხიდზე სიარული და ყველაზე რთულ ვითარებაში, ქვეყნისთვის საუკეთესო შედეგის მიღწევა შეუძლია. 2020 წლიდან, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა. მათ ეს ქვეყანა 3 წელი არ დაასვენეს და პრაქტიკულად, მუდმივ რევოლუციურ რეჟიმში ამყოფეს. უფრო შორს თუ წავალთ, ისინი უკვე 20 წელია არ ასვენებენ ჩვენს ქვეყანას. ახლა კი, ოღონდ საკუთარი შავი ფული დამალონ, ქვეყნის არევის მესამე ცდასაც არ ერიდებიან,“- განაცხადა პრემიერმა.
დღეს, პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს .
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
ასევე, ევროპარლამენტარები მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, 2024 წლის 3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო რაც დღემდე გრძელდება