ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა და კანდიდატის სტატუსიც მიიღო. აქედან ჩანს, რომ თუ თავს არავის დაუხრი და ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ საყოველთაო სახალხო შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძეის თქმით, ყველას, ვინც ეწინააღმდეგება „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, სინამდვილეში, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - ეს ქვეყანა არასოდეს დაასვენოს და მუდმივად ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეზე ატაროს.
„სახელმწიფოს მუდმივ მტრობაზე, რომელსაც აწარმოებს რადიკალური ოპოზიცია, პასუხისმგებლობას ინაწილებს ყველა მისი მხარდამჭერი და ამომრჩეველი. ყველა იმ ამომრჩეველმა, რომელმაც 2021 წელს ხმა მისცა „ნაცმოძრაობას“, ხაზარაძის ან გახარიას პარტიას, „გირჩს“ ან სხვა რადიკალურ პოლიტიკურ დაჯგუფებას, ხმა მისცა არეულობას და მეორე ფრონტს საქართველოში. თითოეულ ამ ამომრჩეველს მოვუწოდებ, ოქტომბერში თავისი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის წინაშე უკეთესად გაიაზროს,“- განაცხადა პრემიერმა.
დღეს, პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრება 18:00 საათიდან დაიწყო. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, მთავარი გზავნილი იქნება: მამული, ენა, სარწმუნოება, ევროპისკენ ღირსებით სვლა, ეროვნული პოლიტიკა და სუვერენიტეტი.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, შეკრებაზე 20:00 საათიდან სიტყვით გამოსვლებია დაგეგმილი. სიტყვით გამომსვლელებს შორის იქნებიან პოლიტიკოსები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები.
რუსთაველის გამზირზე ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
შეგახსენებთ, 2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
რის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
საკანონმდებლო ორგანოსთან რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია "არა რუსულ კანონს" მიმდინარეობს .
აქციის მონაწილეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ და მოითხოვენ მმართველმა გუნდმა კანონპროექტი უკან გაიწვიოს.
2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა საქართველოში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან" დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას მხარი დაუჭირა 425-მა ევროპარლამენტმა, წინააღმდეგ 25 წავიდა, თავი შეიკავა 30-მა ევროპარლამენტარმა. - ევროპარლამენტი ევროსაბჭოსა და პარტნიორებს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება განიხილონ
ასევე, ევროპარლამენტარები მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.
ცნობისთვის, 2024 წლის 3 აპრილს, საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო რაც დღემდე გრძელდება