მთავარი მიზანია, ყველა საქმე, რასაც ვაკეთებთ, არ იყოს ფასადური, დროებითი, იყოს კარგად გააზრებული და შედეგი მოიტანოს ყველა ცვლილებამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ზოგადი განათლების რეფორმის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, განათლების სამინისტროს მიმართ მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.
„განათლების მინისტრს აქვს კარგი ხედვა, როგორ უნდა მოხდეს სკოლების მეტი ავტონომიურობა, დეცენტრალიზაცია, გარკვეული უფლებების დელეგირება. რა თქმა უნდა, ცენტრალურ ნაწილში უნდა დარჩეს მხოლოდ განათლების პოლიტიკა. ასევე, გვაქვს ხედვა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით, როგორ მოხდება ამ განახლებული დოკუმენტის წარმოდგენა. მთლიანობაში, ჩვენ ძალიან მალე მივიღებთ ხელშესახებ შედეგებს. მთავარი მიზანია, ყველა საქმე, რასაც ახლა ვაკეთებთ, არ იყოს ფასადური, დროებითი, იყოს კარგად გააზრებული და შედეგი მოიტანოს ყველა ცვლილებამ. ტრანსფორმაციის პროცესი გაგრძელდება ინტენსიურად. შემთხვევითი არ არის, რომ თითქმის ყოველდღე მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს განათლების სამინისტროს, მინისტრის წინააღმდეგ. ეს მიუთითებს, რომ მინისტრი და მისი გუნდი კარგად მუშაობს, სწორ საქმეს აკეთებს. რა თქმა უნდა, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.