2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხუთი პირის - დავით ლორთქიფანიძის, ნონა გაფრინდაშვილის, დავით ჭიჭინაძის, გია ბურჯანაძისა და ელდარ(ლუკა) კურტანიძის ახსნა-განმარტება მოისმინა.

დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის დროს, რუსთაველის გამზირიდან ყველა გასასვლელი ჩაკეტილი იყო, რის გამოც მომიტინგეებს ტერიტორიიდან გასვლის საშუალება არ ეძლეოდათ.

მისივე თქმით, „დარბევის დროს გამოყენებული იყო სხვადასხვა სპეცტექნიკა, ადამიანებს დაკავების შემდეგ ხელებზე პლასტმასის მარყუჟებს ადებდნენ და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას განაგრძობდნენ, დამტვრეული და დასახიჩრებული ადამიანები კი, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაჰყავდათ, სადაც ადგილების არქონის გამო, იატაკზე აწვენდნენ“.

როგორც დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მაშინდელი ხელისუფლების მიერ აქციის დარბევის შემდეგ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ მდებარე მაღაზიის თავზე ორ ადამიანს დენმა დაარტყა და ამიტომ გარდაიცვალნენ, სიცრუე იყო.

 მისივე თქმით, მოკლული ორი პირიდან, ერთ-ერთს, სულიკო ასათიანს თვალი გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი და ხელები დამტვრეული ჰქონდა. დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, სულიკო ასათიანი მცხეთის იზოლატორში წამების შედეგად გარდაიცვალა, რაზეც მისი ოჯახი საუბრობდა.

როგორც დავით ლორთქიფანიძემ აღნიშნა, სულიკო ასათიანის ოჯახზე ზეწოლა მიმდინარეობდა - მისი შვილი პოლიციის შენობაში მოწამლეს, ხოლო მეუღლეს გაჩუმების სანაცვლოდ ფულს სთავაზობდნენ და თან შვილების სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებოდნენ. მისივე განცხადებით, სულიკო ასათიანის ახლობლები და ნათესავები დაშინების გამო, სამძიმარზე მისვლას ვერ ბედავდნენ.

დავით ლორთქიფანიძის ინფორმაციით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დადგინდა, რომ სულიკო ასათიანის ცხედრის ექსპერტიზის მასალები განადგურებული იყო.

დავით ლორთქიფანიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს ეროვნული ზარაფხანის უკანონოდ გასხვისებისა და ცნობილი ქართველი მეცნიერის, კორნელი კეკელიძის მშობლიურ სოფელ მიქელეფონში სკოლის დახურვის ფაქტებზე.

2011 წლის 26 მაისს განვითარებულ მოვლენებზე კომისიის სხდომაზე ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ ნონა გაფრინდაშვილმა ისაუბრა.

„რაც 26 მაისს გადავიტანეთ, ეს იყო სპეციალურად, წინასწარ მოფიქრებული და დაგეგმილი სპეცოპერაცია. მათ უნდოდათ ჩვენი დასჯა. მე ამას სასაკლაოს ვეძახი, რადგან რაც მოხდა, ამას ვერავინ წარმოიდგენდა. 9 აპრილიდან დაწყებული ბევრი აქცია ჩატარებულა და მსგავსი არც ერთ აქციაზე არ ყოფილა. სამართალდამცავების სამი კორდონი იყო ჩვენს ირგვლივ და გასასვლელი არ იყო დატოვებული. 9 აპრილი, ეს საშინელი დღე იმიტომ ვახსენე, რომ მაშინ ხალხს კი მისდევდნენ, მაგრამ მათ გასაქცევი ჰქონდა და აქ გასასვლელი არ იყო დატოვებული“, - აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.

  

მისივე თქმით, აქციის დარბევისას გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტს რეზინის 40 ტყვია ესროლეს, 800-მდე ადამიანი დააკავეს, თავად კი, სხეულის დაჟეჟილობა მიიღო.

  

ნონა გაფრინდაშვილის განცხადებით, ერთ-ერთ მომიტინგეს სახეში რეზინის ტყვიები მოხვდა, რის გამოც დაეცა, შემდეგ მას მკერდზე სპეცრაზმის მანქანამ ორჯერ გადაუარა, რა დროსაც სკალპი აეხადა, მოშიშვლებულ თავის ქალაზე კი სპეცრაზმელები ფეხით შესდგნენ.

  

აღნიშნულ მოვლენებზე კომისიას ახსნა-განმარტება ნონა გაფრინდაშვილის შვილმა, დავით ჭიჭინაძემ მისცა. მან აქციის მონაწილეების რუსთაველის გამზირზე და პოლიციის სამმართველოში სასტიკი ცემის ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აქციის ასეთი სახით დარბევის მიზანი საზოგადოების დაშინება იყო.

  

სხდომას, დისტანციურად მსახიობი გია ბურჯანაძე სტამბოლის კლინიკიდან ჩაერთო.

  

მისი განცხადებით, 26 მაისის აქცია მშვიდობიანი იყო და არ ყოფილა ძალადობისა და ხელისუფლების გადატრიალების არანაირი მოწოდება.

  

როგორც გია ბურჯანაძემ აღნიშნა, 26 მაისის აქციის დარბევამ ორ ადამიანზე მეტი იმსხვერპლა, რადგან ზოგი ცემის შედეგად მიღებული ტრავმების გამო რამდენიმე თვეში გარდაიცვალა, ასევე იყო თვითმკვლელობის შემთხვევაც.

  

მისივე თქმით, მიღებული სტრესის შედეგად მას ჯანმრთელობა დაუზიანდა, რასაც დღემდე მკურნალობას.

  

კომისიამ დღევანდელ სხდომაზე ელდარ (ლუკა) კურტანიძესაც მოუსმინა. მისი განცხადებით, 26 მაისის მოვლენებმა ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ვინაიდან დარბევისა და დასჯის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარკვეული პერიოდის შემდეგ, ადამიანები გარდაიცვალნენ.

  

როგორც ელდარ (ლუკა) კურტანიძემ აღნიშნა, ის და აქციის სხვა მონაწილეები, რომლებსაც ხელებზე ბორკილები ედოთ, რუსთაველზეც და პოლიციის მთავარ სამმართველოშიც დაუნდობლად სცემეს.

  

მისი თქმით, მას პოლიციის სამმართველოში სამაგალითოდ, სხვების დასანახად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რაც ვიდეო კამერით გადაიღეს.

  

ელდარ (ლუკა) კურტანიძის განცხადებით, განსაკუთრებული სისასტიკით დათა ახალიას დაქვემდებარებული სპეცრაზმელები იქცეოდნენ, რომლებმაც ის სამართალდამცავებიც კი არ დაინდეს, რომლებიც მას გადაეფარნენ.

  

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა, ხვალ, 20 მაისს გაიმართება.

 

„ხვალ ხუთი ჟურნალისტი გვეყოლება და ვისაუბრებთ სააკაშვილის რეჟიმის დროს მედიისა და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების უხეშად შელახვის ფაქტებსა და თემაზე“, - განაცხადა დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა.