2024 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 76 წელი შეუსრულდა. ამ დღეს განსაკუთრებული ისტორიული ღირებულება აქვს და სათავეს იღებს 1948 წლის 10 დეკემბრიდან, როდესაც გაერთიანებული ერების გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია დაამტკიცა. ამ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო აქტის მიღებიდან 76 წლის შემდეგაც საქართველო,  გამოწვევის წინაშე დგას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება თითოეული ინდივიდისთვის თანაბრად, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით იყოს დაცული და ხელმისაწვდომი. - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელინმა ბრიფინგზე განაცხადა.

"ტრადიციულად, სახალხო დამცველი სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი განცხადებით ხაზს უსვამს ყველა იმ ძირითად გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს. თუმცა წელს სხვადასხვა საკითხის შეფასების ნაცვლად, გადავწყვიტე იმ მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება და გამოვეხმაურო, რაც ყველაზე მწვავეა.

28 ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს სახალხო დამცველის  ინსტიტუტი აქტიურად ზედამხედველობს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვაფასებთ ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.

როგორც უკვე არაერთ ჩემს შეფასებაშია აღნიშნული, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია, რაც უნდა იქნას დაცული. თუმცა, ყველანი ვხედავთ, რომ შეკრების უფლების დაცვის კუთხით მთავარი გამოწვევა რაც ამ აქციებზე გამოვლინდა, არის, რომ მონაწილეთა მცირე ჯგუფის მიერ კანონდარღვევის ჩადენის საპასუხოდ ინდივიდუალური და პროპორციული ღონისძიებების გატარების ნაცვლად, სახელმწიფო და ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო მთლიანი შეკრებების დაშლაზე იღებს გადაწყვეტილებებს. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს - მსგავს შემთხვევებში გამოიჩინოს განსაკუთრებული ძალისხმევა და ინდივიდუალური, პროპორციული რეაგირებების განხორციელებით უპასუხოს ცალკეული პირების კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს.

შემდეგი საკითხი, რაც არაერთხელ შევაფასე, ეხება უშუალოდ დაშლის დაწყების შემდეგ ცალკეული პირების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემთხვევებს, რაზეც აუცილებელია ჩატარდეს დროული და ობიექტური გამოძიება, რათა დაუსჯელობის სინდრომმა არ წაახალისოს კანონდარღვევები და კიდევ უფრო მძიმე შედეგები არ გამოიწვიოს.

უშუალოდ მე და ჩემმა რწმუნებულებმა 28 ნოემბრის შემდეგ დაკავებული და დაშავებული პირების მოსანახულებლად განვახორციელეთ ვიზიტები:

28 ნოემბრიდან - 10 დეკემბრის ჩათვლით მოვინახულეთ 327 აქციაზე დაკავებული და დაშავებული პირი.

მათგან, არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს - 225 პირი.

ხილული დაზიანება აღენიშნება - 157 პირს.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - მოახდინოს შესაბამისად სწრაფი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.

საზოგადოებისთვის ასევე ცნობილია, რომ 9 დეკემბერი არის ადამიანის უფლებათა დამცველების დღე. უფლებადამცველებს მიეკუთვნებიან ჟურნალისტებიც და წელს განსაკუთრებულად მათზე მინდა ხაზგასმა. მიმდინარე პერიოდში სამწუხაროდ, არაერთი ჟურნალისტი თუ მედიის წარმომადგენელი დაშავდა, რამდენიმე მათგანი ჯერ კიდევ სამედიცინო დაწესებულებაშია, მათ საქმიანობის განხორციელებაში შეეშალათ ხელი და მათ ფიზიკურ უსაფრთხოებას და სიცოცხლეს შეექმნა საფრთხე. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ საჭიროა ყოველი ეს შემთხვევა იქნას გამოძიებული და შესაბამისი პირები მიეცნენ პასუხისგებაში და სახელმწიფომ უზრუნველყოს ჟურნალისტების საქმიანობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა. ჩემი მხრიდან კი კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენგანს, ჟურნალისტს და ოპერატორს მადლობას გიხდით გაწეული საქმიანობისთვის.

და ბოლოს ადამიანის უფლებების დაცვასა თუ თითოეული ადამიანის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო და შესაბამისი ინსტიტუტები; დაუშვებელია ქუჩებში გაურკვეველი დაჯგუფებების მხრიდან ადამიანებთან ფიზიკური ანგარიშსწორება ან ასეთი დაჯგუფებების შექმნა ვითომ საზოგადოებრივი წესრიგის თუ მოქალაქეების დაცვის მიზნით. სახელმწიფო ვალდებულია მოახდინოს აღნიშნულზე რეაგირება და არ დაუშვას ინდივიდებს შორის ფიზიკური თუ სხვა სახის დაპირისპირებები და ადამიანის უფლებების დარღვევა." - განაცხადა ლევან იოსელიანმა.