ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ბადრა გუნბამ რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აფხაზეთში ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების საკითხის გადაწყვეტის თხოვნით მიმართა.

ბადრა გუნბა იმედს გამოთქვამს, რომ მისი მიმართვა, რაც შეიძლება სწრაფად იქნება მხარდაჭერილი.

„როგორც პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, მე მივმართე ჩვენს მოკავშირეს და სტრატეგიულ პარტნიორს, რუსეთის ფედერაციას, ელექტროენერგიის ჰუმანიტარული მიწოდების საკითხის გადაწყვეტის თხოვნით. იმედი მაქვს, ეს მიმართვა რაც შეიძლება მალე იქნება მხარდაჭერილი“, – ნათქვამია გუნბას მიმართვაში.

1-ლი ნოემბრიდან ოკუპირებული რეგიონი რუსეთის ფედერაციიდან ელექტროენერგიას წარმოქმნილი ენერგოდეფიციტის ნაწილობრივ დასაფარად ყიდულობს. ამასთან, მოქმედებდა ოთხსაათიანი შეზღუდვები ელექტროენერგიის მიწოდებაზე. 11 დეკემბრიდან, ენგურჰესის კაშხალში წყლის კრიტიკულად დაბალი დონის გამო, დღის საათებში მოსახლეობას შუქი მხოლოდ არასრული სამი საათის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო რუსეთიდან მიწოდების ხარჯზე 21:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგია შეუზღუდავად მიეწოდება. ვინაიდან დღისით შუქი პრაქტიკულად არ არის, ყველა სავაჭრო ობიექტი, კვების ობიექტები, სამედიცინო დაწესებულებები გენერატორებს იყენებენ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აფხაზეთი „სერიოზულ გამოცდას გადის“.

„სიტუაციამ მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა, სახელმწიფო ბიუჯეტი უზომო დატვირთვას განიცდის, შეჩერებულია რუსული დახმარების უმნიშვნელოვანესი პროგრამები. წარმოიქმნა ხელფასებისა და სოციალური დახმარების დაგვიანების პრობლემა“, – ნათქვამია მიმართვაში.

ბადრა გუნბას თქმით, დღე-ღამეში 9-11 საათით შუქის გათიშვა „განაჩენია ჯანდაცვისა და განათლების სისტემისთვის, ეს საფრთხეს უქმნის ბავშვების, ხანდაზმულების, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას“.

ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა აღნიშნა, რომ „თითოეულს მიუძღვის თავისი წილი ბრალი იმაში, რაც ხდება, როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, მაგრამ საკითხი ახლა არ არის იმაში, ვინ უფრო მეტად არის დამნაშავე“.

„ახლა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ადამიანებს სახლებში შუქი და სითბო დაუბრუნდეთ“, – ნათქვამია გუნბას მიმართვაში.