პარტიას, რომელიც ახალი მიდგომებით, პრინციპებით, თავისუფალ ადამიანებზე დაყრდნობით და ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებით დაიწყებს ოპერირებას, დიდი პერსპექტივა აქვს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა, პარტიის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას ახალი პოლიტიკური პლატფორმის შესახებ კითხვაზე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში განაცხადა.
მისივე თქმით, „როდესაც მართალ იდეაზეა საუბარი, გუნდში ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება“.
„ხალხს სურს, თვითონ იყოს მმართველობაში. ივანიშვილი ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს და მეორე მხრივ, მთავარ ოპოზიციურ პარტიაშიც ისეთი ვითარებაა, რომ თავისუფლებას, დემოკრატიულობას და ევროპულობას არ ასხივებს. ხალხს სურს, რომ პოლიტიკურ ძალას ან პოლიტიკურ ძალთა გაერთიანებას ხედავდეს, რომელიც მათ ინტერესებს გამოხატავს. ოლიგარქიზაცია, რომელმაც მთელი პოლიტიკური სისტემა მოიცვა, არ აძლევს ჩვენს ხალხს შესაძლებლობას, რომ მისი სანუკვარი სურვილები იყოს გამოხატული. ამიტომ აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ახალი მიდგომებით, პრინციპებით, თავისუფალ ადამიანებზე დაყრდნობით და ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებით დაიწყებს ოპერირებას. საქართველოში ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანია და როდესაც ასეთ მართალ იდეაზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ბევრი საინტერესო ადამიანი იქნება გუნდში, თუკი საბოლოდ ასეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ნუგზარ წიკლაურმა ლევან ხაბეიშვილისა და გიორგი ვაშაძის საერთო იდეაზე – „გამარჯვების პლატფორმაზე“ საუბრისას განაცხადა, რომ „0.5%-იანი პოლიტიკოსის მოყვანა პარტიაში“, სხვებისთვის ენმ-ში მოსვლის მიზეზი ვერ იქნება.
„გამარჯვების პლატფორმა“ დაარქვეს იმას, რომ ბატონი გიორგი ვაშაძე მოიყვანეს. მისი ბოლო შედეგი არჩევნებში ერთ პროცენტზე ნაკლებია. იმდენად დაბალი იყო ეს საარჩევნო შედეგი, რომ ნიგერიელმა პრინცმა ოგბუნუჯუმაც კი გაუსწრო. ეს 0.5%-იანი პოლიტიკოსი მოიყვანეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ და 40%-ს ყველაზე უფრო ქმედითი პატრიოტების, რომლებიც პარტიაში იყვნენ, უარი უთხრეს. ეს როგორ შეიძლება იყოს გამარჯვების პლატფორმა და მაგალითი იმისა, რომ სხვა ადამიანებს, რომლებიც ჯერ არ არიან დაკავშირებულები ენმ-სთან, მოვიდნენ აქ. რანაირი მიზიდულობა შეიძლება გამოავლინოს პარტიამ ამის შემდეგ“,- თქვა ნუგზარ წიკლაურმა.