საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით რუმინეთში იმყოფება.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ტიტუს კორლეციანთან, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლეტა პაულიუჩთან და კომიტეტების წევრებთან. შეხვედრა, ასევე გაიმართა რუმინეთის დეპუტატთა პალატის ვიცე-სპიკერთან დან ბარნასთან.
რუმინეთში გამართული შეხვედრების მთავარი განსახილველი თემები იყო ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები, საპარლამენტო დონეზე თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საქართველოს ევროპული მისწრაფებები.
„რუმინეთი არის ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. შესაბამისად, შეხვედრებზე საუბარი გვქონდა არსებული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა, რა თქმა უნდა, იყო ის რეფორმები, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე და ამ მხრივ, რუმინეთის როგორც ექსპერტული, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერის მნიშვნელობა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ რუმინეთის სახით საქართველოს ჰყავს ძალიან სანდო და ძლიერი პარტნიორი ევროკავშირსა და ნატო-ში“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
შეხვედრისას რუმინეთის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნება.
„გასულ წელს, ვიდრე ევროკავშირი გადაწყვეტილებას მიიღებდა, ჩვენმა კომიტეტმა დაინიციირა და პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა სახელმწიფოებს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინათ. ეს პოზიტიური გადაწყვეტილება ახლა პოზიტიურად ცვლის დინამიკას. ახლა ევროკომისიის რეკომენდაციებზე მუშაობა მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ საქართველოსთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები გაიხსნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რუმინეთი, საექსპერტო დონეზე თუ თავისი პოლიტიკური კავშირებით, გააგრძელებს საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას. ასევე ვისაუბრეთ, რომ მეტი უნდა ვიმუშაოთ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით ისეთ პროექტებზე, რომლებიც უკვე არის ჩვენი მთავრობების დღის წესრიგში. ეს შეეხება როგორც ტრანსპორტის სფეროს, ისე შავი ზღვის ენერგო და ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელს. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რაც კიდევ უფრო გაზრდის საქართველოს ურთიერთდაკავშირებადობას ევროკავშირთან“, – განაცხადა ტიტუს კორლეციანმა.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია; საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ალექსანდრე მოწერელია.