"როგორც ჩანს, შესაბამისი მომენტისთვის ემზადებოდნენ და დროს ამაში ხარჯავდნენ, რომ ეს ნაბიჯი გადაედგათ - ჯერ კიდევ 2020 წლიდან ვანო მერაბიშვილი, როდესაც გლდანში საარჩევნო შტაბს გვიშლიდა. უბრალოდ, ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილმა მომენტი ვერ გამონახა, რომ ეს შეტევა წამოეწყო. ახლა დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ერთი მთლიანობა არიან. ამიტომ, იმის თქმა, რომ 2022 წლის თებერვლიდან დაიწყო ეს პროცესები, არასწორია." - ამის შესახებ პარტია "ნაციონალური მოძრაობის" გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" განაცხადა.
"მეც ძალიან მაინტერესებს და საზოგადოებისთვისაც საინტერესო იქნება, რა მოხდა რეალურად… ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლა, თავად მისი გადაწყვეტილება იყო. ვინ იყო მასთან კავშირზე, ვინ აწვდიდა სწორ თუ არასწორ ინფორმაციას, მომავალში გაირკვევა. თუმცა, ჩემი პოლიტიკური გეგმები მიხეილ სააკაშვილის ტყვეობაში ჩავარდნის შემდეგ მის დახსნას ემსახურებოდა.
ძალიან სამწუხაროა, რომ ის ამ მდგომარეობაშია და ჩვენ დღემდე ვერ გადავწყვიტეთ ეს მნიშვნელოვანი საკითხი. რუსული ავტოკრატიის რეჟიმში ტყვეები არიან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია, ამის გამო შიგნით ჩხუბი და ამ ურთიერთობის კრიზისში გადაზრდა, ჩემი აზრით, რბილად რომ ვთქვა მიუღებელია და ასევე პოლიტიკური პატიმრებისთვის ზიანის მიმყენებელი. 9 ნოემბრის შემდეგ არც მიხეილ სააკაშვილის და არც ნიკა გვარამიას წისქვილზე არ დასხმულა წყალი, პირიქით მოხდა.
სწორედ ამ პერიოდში მათ შორის ის ადამიანები ამბობდნენ, რომ მელია კეზერაშვილს შეეკრა და მიხეილ სააკაშვილს ზურგი შეაქციაო. ახლა, როდესაც აწყობთ, ქოთანს ყურს მეორე მხრიდან აბამენ.
ოცდარვა საპროტესტო აქცია გაიმართა, სამწუხაროდ უშედეგო, რადგან მიხეილ სააკაშვილი დღესაც პატიმარია, მაგრამ არ მივიღებ შენიშვნას, რომ ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია.
ვინმეს რაიმეს კეთება უნდოდა, საშინელი სურვილი იყო მათში და მე მქონდა იმხელა გავლენა, რომ ვაკონსერვებდი მათ ქმედებებს?! იანვრის თვიდან დავით კეზერაშვილმა პარტიაში პრობლემების შექმნა დაიწყო, რაც 9 ნოემბერს დაგვირგვინდა.
მე დავინახე საფრთხე - ეს პარტია პოლიტიკური ორგანიზაციიდან გადაიქცევა ან ნახევრად ბიზნეს ორგანიზაციად, ან სრულად ბიზნეს ორგანიზაციად. ხელშესახები საფრთხე დავინახე ძალიან დიდი დოზით არაფორმალური გავლენების შემოტანის. ბატონი კეზერაშვილისა და მერაბიშვილის გზები გადაიჯაჭვა და ახლა მათი კანდიდატია ის ადამიანი, რომელიც ყველაფერს კადრულობს. გავა წლები და ის თავად მიხვდება, რომ ასე არ უნდა მოქცეულიყო ამ კამპანიის პერიოდში…
ხვალ და ზეგაც ნებისმიერ ადამიანს მივესალმები, რომელსაც შეუძლია პარტიის გაძლიერებისთვის რაიმეს გაკეთება, მაგრამ როდესაც გაკონტროლებას დააპირებს, ნამდვილად სერიოზული პრობლემა შეექმნება. დავით კეზერაშვილი 2015 წელსაც ეხმარებოდა პარტიას, მაგრამ 2016 წელს რა გაუკეთა?! მას შემდეგ გავიდა წლები და მოვედით 2021 წლამდე. სამწუხაროდ, დავინახე კონკრეტული მოქმედება, რომელიც მიზნად პარტიის გაძლიერების ნაცვლად დასუსტებას ისხავდა. 2022 წლის იანვრიდან რეალური თანამშრომლობა აღარ გვქონდა და ამ დროს, პარტიაში პარტიის გაკეთებას ჰქონია ადგილი. ანტიკორუფციული მოძრაობა ისე დააფუძნა, რომ მე წარმოდგენა არ მქონდა - ეს იყო პარტიაში პარტიის გაკეთების მცდელობა, როდესაც პარტიაში შენი არაფორმალური გავლენით აფინანსებ ორგანიზაციას და ამის თაობაზე პარტიის თავმჯდომარე საქმის კურსში არ არის. იქიდან იწყებს ეს ადამიანი იმ პროექტის განხორციელებას, რომელსაც მჯერა, რომ ვერ განახორციელებს და ამჯერადაც კრახს განიცდის. ამ გზაზე სიმართლის, ზნეობისა და მორალის გარეშე ვერ გაიმარჯვებს.
პრეტენზიები მისაღებია ამომრჩევლისგან, სანამ ქვეყანაში ეს მძიმე ვითარება არ შეიცვლება, მაგრამ ამ ადამიანებისგან, რომლებსაც ხელეწიფებოდათ რეალური პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა ან ინიციატივით გამოსვლა - მიუღებელია! უკვე ფაქტებით დასტურდება, რომ არაფერი აქვს საერთო გულწრფელ წუხილთანაც კი, რომელიც ენმ-ის ამომრჩეველს აქვს.
დღეს მოვისმინეთ პეტრე ცისკარიშვილის განცხადება, რომ ენმ-ში ენმ-ს ებრძვიანო - ენმ-ში ჩვენ მანკიერებას ვებრძვით და თუ კი მოსმენები, მიყურადება, დაბეზღება, არადემოკრატიული მმართველობის სისტემა ვინმესთვის მისაღებია, ჩვენთვის არ არის. იგივე ლექსიკით რომ გავიმეორო, თუ კი რამე არის ქოცობა, ეს არის და დიახაც, ქოცობას ვებრძვით." - განაცხადა ნიკა მელიამ.