ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს რაც შეეხებათ, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ზეწოლის მიმართ. არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება. ჩემდა სამწუხაროდ ეს უნდა ვთქვა, მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას, თუმცა, ეს არ შექმნის არანაირ წყვეტას ჩვენს საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა დაწერეს განცხადებები, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს.

„ეროვნული ბანკის ფუნქციონირების პრობლემა არ შეიქმნება. ეროვნული ბანკი სტაბილურად ფუნქციონირებდა და ასევე გააგრძელებს. რა თქმა უნდა, სამწუხარო ფაქტია, რაც ახლა განვითარდა და აქ მე ვხედავ დიდი დოზით პოლიტიკის ჩარევას და პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. პრაქტიკულად, კლასიკური პოლიტიკური ზეწოლის მაგალითია, რაც ახლა ეროვნული ბანკის, საბჭოს ირგვლივ ვითარდება. ჩემზე ეს არ მოქმედებს. მე ზოგადად არ ვექვემდებარები არანაირ ზეწოლას და ამით მინდა ვუპასუხო იმ პოლიტიკოსებსა და კრიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ ვინმეს გავლენით ან ზეწოლით მივიღეთ ჩვენ ეს გადაწყვეტილება. ეს იყო ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის დისკრეცია და ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად მართებული. მე აბსოლუტურად მშვიდად ვარ ამასთან დაკავშირებით. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს კონსტიტუციას შეესაბამება, ჩვენს მოქალაქეებს წაადგება და მეტად დაიცავს. რაც შეეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ყველას აქვს სხვადასხვა დოზის ამტანობა ამ ზეწოლის მიმართ. არ ვიცი რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება პროფესიონალმა კოლეგებმა. უფრო სწორად ვიცი, ეს არის უფრო მეტი დოზით პოლიტიზებული გადაწყვეტილება. ჩემდა სამწუხაროდ ეს უნდა ვთქვა, მათ ვერ გაუძლეს პოლიტიკურ ზეწოლას, თუმცა ეს არ შექმნის არანაირ წყვეტას ჩვენს საქმიანობაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებმა დაწერეს განცხადებები. მათ შორის ერთ-ერთი, არჩილ მესტვირიშვილი ძალიან კარგი პროფესიონალია, მაგრამ ორ თვეში ისედაც უმთავრდებოდა მას საბჭოში ყოფნის ვადა და აქ ცალსახად დემონსტრაციული აქტი იყო ალბათ. ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა, მაგრამ საბჭოში და დარჩნენ სხვა, არანაკლებ პროფესიონალი წევრები, უფრო მეტი პასუხისმგებლობით გამსჭვალული წევრები ამ ორგანიზაციის მიმართ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ: დღეს, 20 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი  სამმა პირმა: პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვეს.

ეროვნული ბანკი დატოვა პრეზედნტის მრჩველმა, გიორგი ბაქრაძემაც.

აღნიშნულის მიზეზი სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებაა გახდა, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძეს, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, მის ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.