მოვისმინე, რომ თითქოს არ გავამართლე იმედები, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას გავუმართლო იმედები, პირველ რიგში ფასების სტაბილურობასთან და ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით. ეს არის ჩემთვის ყველაზე მაღალი რანგის ამოცანა და ყველაზე ძლიერი საზომი, რითაც ჩემ წარმატებას თუ წარუმატებლობას გავზომავ, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მასზე ზეწოლის მოხდენა არ არის მარტივი.

„ძალიან სამწუხაროა მოისმინო მაღალი რანგის თანამდებობის პირისგან ეროვნული ბანკის საბჭოზე ზეწოლის კლასიკური ნიმუში. როდესაც მოუწოდებ საბჭოს, გადააყენე მოვალეობის შემსრულებელი, გადადექით, როდესაც გიხარია, რომ უკვე სამი წევრი გადადგა და ახლა ყველაფერი ჩამოიშლება, ალბათ სხვადასხვაგვარად ვკითხულობთ კონსტიტუციას.

ზეწოლაა, როდესაც გარედან არის არაადეკვატური მოწოდებები და ხელის შეშლის მცდელობა მუშაობაში. ზეწოლაა, როდესაც მოგიწოდებენ, რომ შენ შენი კონსტიტუციური უფლებამოსილება არ აღასრულო, გააუქმო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მოსახლეობას იცავს, იმიტომ რომ ვიღაცის პოლიტიკურ გემოვნებაში არ ჯდება. ზეწოლაა, როდესაც საბჭოს წევრებს მოუწოდებ, შეცვალეთ ხელმძღვანელი. ზეწოლაა, როდესაც მე მომმართავენ, რომ გადავდგე. რის გამო უნდა გადავდგე, საქართველოს კონსტიტუციის შესატყვისი გადაწყვეტილება რომ მივიღე და ჩვენი მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად იქნებიან დაცული თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმების ზემოქმედების დროს?! ეს არის კლასიკური ზეწოლა. 

რაც შეეხება იმას, რომ ჩემზე ამ გადაწყვეტილების მიღებისას ვინმემ მოახდინა ზეწოლა, ჩემზე არ არის ასე მარტივი ზეწოლის მოხდენა. ეს იყო სრულად ჩემი დისკრეცია, ჩემი გადაწყვეტილება. მართალია, იურისტების გუნდთან ერთად ვმუშაობდით და ეს ნამდვილად არ მომხდარა ერთ საათში, მაგრამ სწრაფად მოხდა რეაგირება სანქციების მიღების მომენტიდან მათი აღსრულების ახალი წესის შემოთავაზებამდე. ჩვენ ვეძებდით სწორ ფორმას, შევჯერდით, რომ ისევ ამ წესში ცვლილება უფრო სწორი და გამჭვირვალე იქნებოდა. რა თქმა უნდა, ბატონი ირაკლი კობახიძის განცხადება ჩემთვის ძალიან საყურადღებო იყო, რადგან ის პროფესიონალი იურისტია, მაგრამ გადაწყვეტილება მე ჩემით მივიღე“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.