პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი, მიხეილ ყაველაშვილი სალომე ზურაბიშვილის და სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ბრიფინგს ჟურნალისტებთან საუბრისას ეხმაურება.
მისი თქმით, პრეზიდენტი მართულია იმ ძალების მიერ, რომელსაც ქვეყანაში ვიზიტით მყოფი საგარეო საქმეთა მინისტრები წარმოადგენდნენ. მიხეილ ყაველაშვილი უცხო ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე გასვლასაც ეხმიანება და ამბობს, რომ მათ სახეზე განცვიფრება ჩანდა, რაც აქციაზე მდგომი არასაკმარისი ხალხით იყო გამოწვეული.
„პრეზიდენტი რომ ხარ და მასპინძელი და კუთხეში რომ დგები ე.ი შენ არ ხარ ხომ მასპინძელი, აქ გამოეპარათ მათ დამკვეთებს ეს წვრილმანი. ეს თვალშისაცემი იყო ყველასთვის, ეს იმას ამტკიცებს რასაც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით - ეს ქალბატონი, მართულია იმ ძალებისგან, ვინც ჩამობრძანდა აქ. მთავარი საკითხი არის ის, რომ ჩვენ ბევრი შეგვიძლია ვიქილიკოთ მათ თემებზე, მაგრამ აქ მთავარია ხელისუფლების ცვლილება რევოლუციური გზით, იმიტომ, რომ ხედავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
როგორმე უნდათ შექმნან აღქმა, რომ საქართველოს უმრავლესობაა ჩართული ამ პროცესებში, ამ აქციებში და ისინიც ასე მოტყუებული იყვნენ ამ დამოკიდებულებებით, მხედველობაში მაქვს საგარეო საქმეთა მინისტრები, მათი განცვიფრებული სახეები, იმიტომ, რომ მათი მიტინგზე გასვლის დროს ხალხის რაოდენობა არ იყო დიდი ე.ი რაშია საქმე ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია. ჯერ კიდევ როდის ვსაუბრობდით, რომ ამ პროცესს აუცილებლად სალომე ზურაბიშვილი ჩაუდგება სათავეში. რატომ? იმიტომ, რომ ისაა ლეგიტიმურად არჩეული ხელისუფალი.
როცა დაიწყო საუბარი, თითქოს საქართველოს ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან და ეს ლეგიტიმაციას აძლევს ხალხს, რომ ის ჩამოაგდოს და აი, ამ ბრძოლაში უნდა იყოს მთელი საქართველო. და ასეთი ქაოსის დროს დასავლეთი ვის უნდა დაეყრდნოს? ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს.“- აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.