„არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ გადაუხადა 27 ამერიკელ კონგრესმენს, საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადება რომ გააკეთეს,“ - ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი მიხეილ ყაველაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთის მიერ ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მისამართით გაკეთებულ განცხადებას.
ყაველაშვილის თქმით, მსგავსი განცხადებები ერთიანი მართული პროცესის ნაწილია, რაშიც უცხოელი პოლიტიკოსები ხშირ შემთხვევაში, დიდ ფულს იღებენ.
„ყველას მოუწევს გათვალისწინება, ვისთან აქვთ საქმე - ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო და პატივი უნდა სცენ აქაურ წესებს და კანონებს. მათივე კვლევებითაც დასტურდება, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის მხარდამჭერი საქართველოს მოსახლეობის 90%-ზე მეტია და პატრიარქის რეიტინგი ამასაც აჭარბებს.
ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე უარესია, უცხოელი პოლიტიკოსი [გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მაიკლ როთი] ქვეყნის მოსახლეობის 90%-ს რომ აყენებს შეურაცხყოფას ჩვენი ეკლესიის გაკრიტიკებით, როდესაც ამბობს: „როგორ უნდა შექმნა ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე, მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო მჭიდრო მოკავშირისა მმართველი პარტიისა? აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ შეცდომები დავუშვით. მათ შორის, მეც ვფიქრობდი, რომ სიტყვის თავისუფლების რანგში გადიოდა ეს ყველაფერი - შეურაცხყოფა პატრიარქის, სარწმუნოების, ჩვენი ავტორიტეტების, მეცნიერების, პედაგოგების და ა.შ. მიმართ. ასე გავატარეთ ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იყო მიზანმიმართული ქმედება. ამიტომ ვიძახი, რომ ესენი უსამშობლოები არიან და ახლა ცდილობენ ამ ბავშვებს, რომლებიც აქციებზე დგანან, დაავიწყონ ისტორია, ჩვენი სიწმინდეები და ასეთი დაზომბირებული ადამიანი უკვე მარტივად სამართავია. ახლა ვამბობთ, რა ეშველებათ ამ ახალგაზრდებს, ან რა შუაშია რუსეთი ამ ყველაფერთან. ეს პროცესიც სწორედ იმის გაგრძელებაა, რაზედაც ზემოთ ვისაუბრე.
არ დაგვავიწყდეს, რომ FARA-ს მეშვეობით გავიგეთ ჩვენ სააკაშვილის და მისი ლობისტების მიერ გადახდილი თანხების შესახებ. ახლა კი დაველოდებით ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ გადაუხადა 27 ამერიკელ კონგრესმენს, საქართველოს მიმართ კრიტიკული განცხადება რომ გააკეთეს. როდესაც ევროპარლამენტარები ასეთ განცხადებებს აკეთებენ, დაახლოებით 50 000 ევროს იღებენ ამაში. ისიც საკითხავია, FARA-ს მეშვეობით რომ გახდა ჩვენთვის ცნობილი, სააკაშვილის ოჯახმა მილიონ სამასი ათასი რომ გადაუხადა ლობისტებს, საიდან აქვს ამ ოჯახს ამხელა ფული - ეს კითხვა დასვა ვინმემ ჩვენი ოპოზიციიდან? ასევე, კონგრესმენები რომ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდნენ და 27-მა ელჩმა დემარში რომ მოუწყო ჩვენს იუსტიციის მინისტრს, ეს რასთან იყო დაკავშირებული? ძალიან მარტივია, ვინც ნეიტრალური თვალით შეხედავს ამ პროცესებს, ყველაფერი ხელის გულზე დევს.“ - განაცხადა ყაველაშვილმა.