მუდმივად ვიმეორებთ, რომ ვჯდებით კანონის ფარგლებში. რომელი კანონის, რომელიც აღარ არსებობს? უნდა შევწყვიტოთ ბალერინობის თამაში, მოვეშვათ ენის მოჩლექას. ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა და განმარტა, რომ ეს მთავრობა მთლიანად არალეგიტიმურია.

„ახლა ჩვენსა და ჩვენს თავისუფლებას შორის, ჩვენსა და ჩვენს გადარჩენას შორის არის 4 000 რობოკოპი და სპეცრაზმელი. ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4 000 რობოკოპი, ჩვენ ხომ ბევრად მეტნი ვართ? ამიტომ, უნდა შევწყვიტოთ ეს ბალერინობის თამაში, „ტროტუარზე, სკამზე არ ავიდეთ“. მუდმივად ვიმეორებთ, რომ ვჯდებით კანონის ფარგლებში. რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს? რომელი კონსტიტუციის ფარგლებში, რომლიდანაც ესენი დიდი ხანია, გავიდნენ? რომელ მთავრობაზე ლაპარაკობთ, რანაირად შეიძლება, მთავრობა იყოს ის, ვინც არჩევნები წააგო. მთლიანად არალეგიტიმურია, მთავრობა კი არ არის, ეს არის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მთავრობა. ისევე როგორც, სამართალდამცავები კი არ არიან, სინამდვილეში, სამართალდამრღვევები არიან. ამიტომ, მოვეშვათ ენის მოჩლექას. ახლა საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა, რადგან კაცმა, რომელმაც ეს ამბავი ჩაიდინა, ხმები წაგართვათ, არის ყველაფრის მკადრებელი, ყველაფერზე წამსვლელი და თითოეული სიცოცხლე საფრთხეშია. უკან, კედელზე არის გაყალბებული ბიულეტენები, უკან არის ჩემი შვილის, ალისას ნახატი, ფერადი მომავლის. ალისას და მის მომავალს შორის დგანან ეს რობოკოპები. ალისას ამ ქვეყანაში დარჩენას ხელს უშლის თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მაფიოზური კლანი, რომელიც თავს აცხადებს ხელისუფლებად“, – განაცხადა მიხეილს სააკაშვილმა.