დონალდ ტრამპზე თავდასხმა ძალიან საშიში მომენტი იყო, ის წარმატებული, რომ აღმოჩენილიყო, ამერიკა სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგებოდა. ამ თავდასხმასთან დაკავშირებით ბევრმა ამერიკელმა მიმომხილველმა 2005 წელს თბილისში პრეზიდენტ ბუშზე თავდასხმის მცდელობა გაიხსენა, - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„საქმე შემდეგნაირად იყო - პირველადი გეგმით ამერიკელებმა მთლიანად თავის თავზე აიღეს ღონისძიების უსაფრთხოება, მეტალის აღმომჩენი აპარატები დააყენეს, მაგრამ იმდენად ბევრი ხალხი მოვიდა, რომ ეს აპარატები გადაითელა და სიტუაცია სრულიად უკონტროლო გახდა, რისთვისაც ამერიკელები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ.
ამ სიტუაციაში, ხელყუმბარით მოსული ვინმე არუთინიანმა სცენასთან დაუბრკოლებლად მიაღწია, როდესაც მე და ბუში ხალხთან მაქსიმალურად ახლოს მივედით, მან ეს ყუმბარა ისროლა. საბედნიეროდ, ის არ აფეთქდა, მაგრამ სცენიდან ორიოდ მეტრში დაეცა, ბავშვის მახლობლად.
ხელყუმბარა პოლიციელმა შენიშნა, ხელში აიღო, მიწისქვეშა გადასასვლელში სწრაფად ჩაიტანა და დახმარება გამოიძახა. მსროლელი რამდენიმე დღეში ფოტოებით გამოთვალეს, დიდ დიღომში მისი დაკავების ოპერაციის დროს მან სამწუხაროდ, ერთი პოლიციელი მოკლა.
2012 წელს ივანიშვილის მთავრობამ განიზრახა არუთინიანის გათავისუფლება, როგორც პოლიტპატიმრის, მაგრამ ამერიკის საელჩოს მტკიცე პროტესტის შემდეგ, ის ამ სიიდან ბოლო წუთებში ამოიღეს და დღემდე საპატიმროში რჩება.
უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტმა ბუშმა, როცა მას მოახსენეს ამ ინციდენტის შესახებ, ძალიან მშვიდად მიიღო ეს ინფორმაცია და დიდი მადლობები გადმომცა იმ პოლიციელისთვის, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად ყუმბარა გააუვნებელყო“, - წერს სააკაშვილი.