მე თქვენ დღეს მასამართლებთ იმათი მითითებით, ვისაც ვერ მოუნელებია, რომ 2008 წელს არ ვისარგებლე შემოთავაზებით, არ შემოვახტი თვითმფრინავს და არ ჩავაბარე თბილისი და საქართველო მტერს. - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დისტანციური ჩართვისას განაცხადა.
"იყო ამის შემოთავაზება, რომ წავსულიყავი და თუ არადა იყო პირდაპირი მუქარა, რომ ჩამომკიდებდნენ სხეულის სხვადასხვა ნაწილებით. და ეს იყო საჯარო შემოთავაზება, ეს არ არის ის, რაც შეიძლება იყოს ჩემ მიერ მოგონილი. ყველამ იცის და მიუხედავად ამისა, მე არ წავედი, არ ჩავაბარე საქართველო და გადავარჩინე ქართული სახელმწიფო." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს განახლდა თბილისის საქალაქო სასამართლოში “სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეზე” ბრალდებულების, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმის მორიგი განხილვა.