მე ვარ ნამდვილი მზეთუნახავი, რადგან თითქმის ოთხი წლის განმავლობაში არ მინახავს მზის სხივი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ კლინიკიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
"თქვენ წინაშე ახლა წამოვდექი ნამდვილი მზეთუნახავი. მე ვარ მზეთუნახავი, რადგან არ მინახავს მზის სხივი თითქმის ოთხი წლის განმავლობაში. უკვე თითქმის ოთხი წელია, გამოკეტილი ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც უზომოდ მიყვარს და რომლის ცის დანახვასაც არ მაღირსებენ და ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სასჯელი. ვიცი, რომ საქართველოს ტელევიზიები პრაქტიკულად ჩემს გამოსვლებს არ აშუქებენ, რადგან ყველგან დგას ოლიგარქიული ინტერესები, მაგრამ არსებობს სოციალური ქსელები. მინდა, მხარდამჭერებს ვუთხრა, გადააზიარონ ეს გამოსვლები.
ვიცი, რომ ხალხის დიდი ნაწილი ძალიან შეშფოთებულია. რა თქმა უნდა, ხალხი, თითქმის ყველა, გარდა ერთი მუჭა სამთავრობო კორუმპირებული ჩინოვნიკებისა, ყველა დანარჩენი დაკავებულია ყოველდღიური ფულის მოპოვების პრობლემით. თქვენ მსჯით იმისთვის, რომ ჩემი მონატრებული, ჩემი აშენებული ბათუმის მონახულება მომინდა და იმისთვის, რომ ჩემი აშენებული ავტობანით გამოვიარე საქართველო, იმისთვის, რომ ჩემი აშენებული, შექმნილი საბაჟო სისტემით შემოვედი საქართველოში, იმისთვის, რომ ჩემი დედულეთი, საყვარელი სამეგრელო მოვინახულე თუნდაც ორიოდე დღით, იმისთვის, რომ ჩემს მშობლიურ თბილისში ჩამოვედი იმ პირობით, როცა არცერთი სხვა ლეგალური გზა არ დამიტოვეთ. თვითმფრინავებს აკრძალული ჰქონდათ ჩემი ბორტზე დასმა. სხვა გზა საქართველოში შემოსვლის მე არ მქონდა. ვისჯები იმისთვის, რომ შევაჩერე ჩემს ხალხთან ერთად, ჩვენს შეიარაღებულ ძალებთან ერთად, საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინე 2008 წელს. გადავარჩინე საქართველო ყველაზე უარესი რამისგან, რაც შეიძლებოდა, დამართნოდა. ვისჯები იმისთვის, რომ დავინდე ჩვენი ხალხი, ავაცილე თავიდან დიდი პროვოკაცია და 2012 წელს მშვიდობიანად გადავეცი ხელისუფლება.
თქვენ, ვინც ამ სისტემას წარმოადგენთ, მე რა მოსაყვანი ვარ, დავით აღმაშენებელი რომ ჩაგვარდნოდათ ხელში, დიდი სიამოვნებით გაასამართლებდით და მიუსჯიდით პატიმრობას. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ქართულ სახელმწიფოებრიობასთან, განვითარებასთან, ერთიანობასთან, სიძლიერესთან, თქვენთვის და თქვენი პატრონებისთვის არის მიუღებელი. დავით აღმაშენებელსაც კი დიდი სიამოვნებით გაასამართლებდით და ილია ჭავჭავაძესაც, რომ ჩაგვარდნოდათ ხელში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.