„ზედმეტ იმედებს ნუ დავამყარებთ სანქციებზე. მსოფლიოს ბოროტმა ძალებმა დიდი ხანია, იპოვეს გზები სანქციებისთვის გვერდზე ავლისთვის. ასე რომ, ზედმეტად ნუ დავაიმედებთ თავს, რომ კიდევ ერთი სანქცია, კიდევ ერთი და მერე ჩამოიშლება. არ ჩამოიშლება. ვითარება შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობით და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში." ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე „ვივამედის“ კლინიკიდან დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

"ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა არის ეგზისტენციალური, რადგან საქართველო არის ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ. იმის ფონზე, რომ საქართველო არის მთლიანად მარგინალიზირებული. ევროკავშირში დაუყოვნებლივ უსაფრთხო ინტეგრაცია არის ჩვენი უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტია, ჩვენი გადარჩენის, მაგრამ ეს ინტეგრაცია ვერ მოხდება, თუ არ ჩატარდა არჩევნები და არ იქნა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება საქართველოში.

ბრიტანეთის პარლამენტში იყო ორი დღის წინ ისტორიული დებატები, სადაც პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენ თუ გვინდა მშვიდობა გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ უკრაინაში. იქვე ოპოზიციის, ერთ-ერთი ფრაქციის ლიდერმა თქვა ფრაზა, რომელმაც გამაოგნა. მან თქვა, რომ ის, რაც ბოლო ხანებში ხდება, ეს ძალიან ახარებს მოსკოვს, თეირანს და თბილისსო. ამას დაეთანხმა პრემიერ-მინიტრიც. წარმოგიდგენიათ, რა უფსკრულში ვართ გადაჩეხილი? ჩვენ ვართ სრულიად დაუცველი და რა თქმა უნდა, ჩვენ არაფერში გვჭირდება რუსეთთან კონფრონტაცია. ის იქნება აბსოლუტურად დამღუპველი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის, მაგრამ იმისთვის, რომ შემდგომი კონფრონტაცია თავიდან ავიცილოთ, ამისთვის სულ სხვა ტიპის სახელმწიფო უნდა გვქონდეს. ბევრად უფრო დაცული. დღეს რაც გვაქვს, ეს უპატრონობა და დაუცველობა, პირდაპირ ეპატიჟება დამპყრობელს შემდგომი ქმედებებისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩავატაროთ სასწრაფოდ არჩევნები, მივაღწიოთ ამას, დავამყაროთ ხელახლა ევროკაშირთან ურთიერთობა და განვაახლოთ სწრაფი ინტეგრაცია, მაგრამ მანამ ნათლად გამოვხატეთ, რომ ჩვენ არ გვსურს კონფრონტაცია არცერთ ჩვენს მეზობელთან, მაგრამ ასევე უნდა ავიღოთ უსაფრთხოების გარანტიები, უსაფრთხოების კავშირი უნდა შევქმნათ თურქეთთან და აზერბაიჯანთან, ისეთივე კავშირი, როგორც აზერბაიჯანს აქვს თურქეთთან. ეს არავის წინააღმდეგ არ იქნება მიმართული. აზერბაიჯანს რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები აქვს, მაგრამ ეს იქნება ჩვენი დაცვისთვის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია, რომ სომხეთმა მოაგვაროს ტერიტორიული პრობლემები და საზღვრის პრობლემები თურქეთთან და აზერბაიჯანთან, რადგან სამხრეთ კავკასია უნდა შეიკრას ერთ ბლოკად და ურთიერთდახმარების რეჟიმში უნდა იმუშაოს. რა თქმა უნდა, ყველანი უნდა წავიდეთ ევროპის მიმართულებით“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, უკრაინაში მდგომარეობას რაც შეეხება, სააკაშვილის თქმით, ფრონტზე არის ყველაზე საუკეთესო მდგომარეობა 2022 წლის შემდეგ.

„უკრაინელებმა არა მხოლოდ შეაჩერეს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსების წინ წასვლა, არამედ დაიწყეს კონტრშეტევები და საკმაოდ მსხვილი დასახლებული პუნქტების გათავისუფლება. არავის ჰქონდეს ილუზია, ამერიკა არასდროს ჩააბარებს უკრაინას. ახლა რაც მიმდინარეობს, ეს არის მანევრი სამშვიდობო ხელშეკრულების გარშემო, მაგრამ უკრაინის ჩაბარება არ მოხდება და რამდენადაც მე ვიცი, არც სამხედრო დახმარება არ შეწყვეტილა. ჯერჯერობით შეწყვეტილია მხოლდო სადაზვერვო მონაცემების ნაწილის გაცვლა, რაც ეხება უშუალოდ რუსულ ტერიტორიაზე შეტევას, მაგრამ სხვა მხრივ, ყველაფერი გრძელდება. დარწმუნებული ვარ, განახლდება სრული მასშტაბით ისიც, რაც დაპაუზებულია, რადგან ეს არის ამერიკის ნაციონალურ ინტერესებში. დონალდ ტრამპი არის ძლიერი ლიდერი. მინდა, გვესმოდეს, რომ ამ ვითარებაში არც უკრაინის ჩაბარება მოხდება და თუ ჩვენი ხალხი ვიყოჩაღებთ, არც საქართველოს ჩაბარება არ მოხდება, მაგრამ საფრთხე არის რეალური და დიდი. ჩვენი პასიურობა იქნება ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილის პირდაპირი რეცეპტი.

მადლიერებას არავისგან ვითხოვ, მით უმეტეს თქვენგან, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ უმადურობა ცოდვაა. ალბათ ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს, რომ კატასტროფული უმადურობა გამოიჩინეთ ჩემ მიმართ. მსოფლიოში ფიქრობს ასე ბევრი ადამიანი, მაგრამ მე ვითხოვ სამართლიანობას. სამართლიანობა არის ის, რომ ნამდვილად არ ვიმსახურებ განადგურებას იმისთვის, რომ შევქმენი საქართველო. არსუკიძის ბედი 21-ე საუკუნეში, არავინ არის ამის ღირსი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.