"მადლიერებას არავისგან ვითხოვ, მით უმეტეს თქვენგან, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ უმადურობა ცოდვაა. ალბათ ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს, რომ კატასტროფული უმადურობა გამოიჩინეთ ჩემ მიმართ,"- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ვივამედის" კლინიკიდან სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.

  "უკრაინელებმა არა მხოლოდ შეაჩერეს აღმოსავლეთ უკრაინაში რუსების წინ წასვლა, არამედ დაიწყეს კონტრშეტევები და საკმაოდ მსხვილი დასახლებული პუნქტების გათავისუფლება. არავის ჰქონდეს ილუზია, ამერიკა არასდროს ჩააბარებს უკრაინას. ახლა რაც მიმდინარეობს, ეს არის მანევრი სამშვიდობო ხელშეკრულების გარშემო, მაგრამ უკრაინის ჩაბარება არ მოხდება და რამდენადაც მე ვიცი, არც სამხედრო დახმარება არ შეწყვეტილა. ჯერჯერობით შეწყვეტილია მხოლდო სადაზვერვო მონაცემების ნაწილის გაცვლა, რაც ეხება უშუალოდ რუსულ ტერიტორიაზე შეტევას, მაგრამ სხვა მხრივ, ყველაფერი გრძელდება. დარწმუნებული ვარ, განახლდება სრული მასშტაბით ისიც, რაც დაპაუზებულია, რადგან ეს არის ამერიკის ნაციონალურ ინტერესებში. დონალდ ტრამპი არის ძლიერი ლიდერი. მინდა, გვესმოდეს, რომ ამ ვითარებაში არც უკრაინის ჩაბარება მოხდება და თუ ჩვენი ხალხი ვიყოჩაღებთ, არც საქართველოს ჩაბარება არ მოხდება, მაგრამ საფრთხე არის რეალური და დიდი. ჩვენი პასიურობა იქნება ჩვენი სახელმწიფოს სიკვდილის პირდაპირი რეცეპტი.

მადლიერებას არავისგან ვითხოვ, მით უმეტეს თქვენგან, თუმცა უნდა იცოდეთ, რომ უმადურობა ცოდვაა. ალბათ ბევრი ადამიანი ასე ფიქრობს, რომ კატასტროფული უმადურობა გამოიჩინეთ ჩემ მიმართ. მსოფლიოში ფიქრობს ასე ბევრი ადამიანი, მაგრამ მე ვითხოვ სამართლიანობას. სამართლიანობა არის ის, რომ ნამდვილად არ ვიმსახურებ განადგურებას იმისთვის, რომ შევქმენი საქართველო. არსუკიძის ბედი 21-ე საუკუნეში, არავინ არის ამის ღირსი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.