„ომის და პოლიტიკური კრიზისების შემდეგ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გამოიარა, სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ჩვენ საზოგადოებასთან ერთად შევძელით რეალური ნაბიჯები გადაგვედგა ჩვენი წინაპრების ოცნების განხორციელებისთვის - საქართველომ მწვანე შუქი მიიღო ევროკავშირისგან და მალე, კანდიდატის სტატუსის მიღებით, ევროპულ ოჯახში გაწევრიანების საბოლოო ეტაპზე გადავალთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ლაშხმა პლენარულ სხდომაზე.

დეპუტატმა „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში  მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა, კერძოდ, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციაზე და გამოთქვა რწმენა, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ. მან ასევე ევროკომისიის პრეზიდენტის  ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვები გაიხსენა, რომელიც ხაზს უსვამს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით  საქართველოს მიერ გადადგმულ დადებით ნაბიჯებს, რაც ევროპელი კოლეგებისთვის მნიშვნელოვანი მესიჯია.

დეპუტატის თქმით, ამ წარმატებების ფონზე, ევროპაში საქართველოს ნამდვილი მეგობრებისთვის გაუგებარია თუ რატომ არ არის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი ყველა პოლიტიკური ძალისთვის გამაერთიანებელი ფაქტორი.

„We are losing Georgia!” “Georgia is backsliding” ეს ოპოზიციონერი დეპუტატების ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვებია ამ მნიშვნელოვან პერიოდში. ქართველი ხალხისა და ხელისუფლების განცალკევების კრემლის ნარატივი. ხან ბრალდება, რომ რეკომენდაციებს ფორმალურად ვასრულებთ, ხან რომ საერთოდ არ ვასრულებთ, მერე რეკომენდაციების გაუფასურება და ბოლოს მიღწევის საკუთარ თავზე  მიწერა. სრული კოლაფსი განიცადა თქვენმა ანტიქართულმა პოლიტიკამ და იმედი მაქვს, რომ ამას დროულად გააცნობიერებთ“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ,  საქართველო დიდ ევროპულ ოჯახში ხელცარიელი არ წარსდგება - სწორი პოლიტიკის შესაბამისად, შედის ძლიერი ეკონომიკით და ღირებულებებით.

 „ეს ევროპული აღიარება ეკუთვნის ხალხს, რომელსაც ჩვენი მთავრობა და ხელისუფლება წარმოადგენს. ყველა რეფორმა ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება ხალხის ძლიერი მანდატით! საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ევროპული ოჯახის წევრი და ისტორიული ოცნება ასრულდება“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.