„ქართულ ოცნებაში“ „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ მომზადებულ ანგარიშს აფასებენ. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მსგავს რეზოლუციებს ევროკავშირთან ორმხრივ ურთიერთობებზე გავლენა არ აქვს.

„მსგავსი ტიპის რეზოლუციებს თუ სადღეგრძელოებს არანაირი გავლენა არ აქვს ევროკავშირთან ორმხრივ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით როდესაც ეს ვიზალიბერალიზაციას ეხება. ეს საქართველოს მხრიდან საკმაოდ მრავალი წლის ღირსეულად მოპოვებული შესაძლებლობაა მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ დააზიანებს ამ პროცესს, თუმცა ძალიან სამწუხარო, რომ მსგავსი ტიპის რეზოლუციებით ცდილობენ ხალხში შფოთვის გამოწვევას“, - მიიჩნევს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ლაშხი.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც ისეთ საკითხებთან ერთად, როგორიცაა „ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის სანქციების დაწესება და უვიზო მიმოსვლის შეჩერება, საუბარია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების პირობებში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის და დაფინანსების გზებზე.