„2017 წელს, როცა ვსაუბრობდით, რომ კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით, გვეუბნებოდნენ, რომ ამის საჭიროება არ იყო. მაგრამ გავიდა დრო და ყველანი დავრწმუნდით, რომ ეს საჭიროება იყო. თურმე დადგებოდა დრო, როცა ბრიტანეთის პრემიერს მოუწევდა თქმა, რომ ქალი ქალია და კაცი - კაცი“ , - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვისას ოზურგეთში.
მამუკა მდინარაძის თქმით, ნებისმიერი მიმართულებით განსხვავებული ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული, მაგრამ ამასთანავე, მომავალი თაობები უნდა დავიცვათ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდისგან.
„არის რაღაც ტრენდები, რომელსაც ჩვენი ტრადიციიდან, კულტურიდან, მსოფლმხედველობიდან და მენტალობიდან გამომდინარე უნდა შევეწინააღმდეგოთ და გვქონდეს საკუთარი იდენტური, გამორჩეული ხედვა ამ ტრენდებთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, გავა საუკუნეები და ქართველებს ექნებათ სწორედ ისეთი ხედვა, რაც ამ პროექტის პათოსშია. ჩვენ, ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ დიახ, ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული. უნდა დავაფიქსიროთ, რომ ნებისმიერი სახის ცხოვრების წესის მიუხედავად, ყველა ადამიანის უფლება ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ჩვენ წლების წინ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, კონსტიტუციით მიღებული გვაქვს ბევრი გარანტია და, ცხადია, ადამიანის უფლებები ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. ერთი ადამიანიც რომ იყოს აბსოლუტურად განსხვავებული ორიენტაციის ნებისმიერი მიმართულებით, მისი უფლებაც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს დაცული. მეორეც- არატრადიციული ცხოვრების წესის თავსმოხვევა, პროპაგანდა უნდა გამოვრიცხოთ და ჩვენი მომავალი თაობები დავიცვათ ფსევდოლიბერალური პროპაგანდის მავნე ზემოქმედებისგან. ორივე მიმართულება უნდა გვქონდეს ხაზგასმით და მკაფიოდ გამოხატული: ადამიანის უფლებების დაცვა და მომავალი თაობების პროპაგანდისგან დაცვა. ეს არის ჩვენი მთავარი მოტივაცია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.