ვერ დავარწმუნეთ ჩვენ პარტნიორები, რომ მიხეილ სააკაშვილი არ კვდებოდა, გვეუბნებოდნენ, რამდენიმე დღე აქვს დარჩენილი და დემარშით მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა და განმარტა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცრუე იყო, მაგრამ ამ სიცრუემ ელჩების დემარში გამოიწვია.
„27 ელჩის შესრულებით მოხდა დემარში, მათ თქვეს, რომ სააკაშვილი კვდება და ეს არის წითელი ხაზი თქვენი ევროინტეგრაციის გზაზე. ცოცხალია ხომ ეს კაცი? რატომ ვერ დავარწმუნეთ მაშინ? ხომ სრული სიცრუე იყო, მაგრამ ამ სრულმა სიცრუემ ჩვენი პატივცემული ელჩების დემარში გამოიწვია. მივიდნენ იუსტიციის მინისტრთან, თუ არ გაათავისუფლებთ სააკაშვილს, ეს იქნება ევროკავშირისთვის წითელი ხაზიო. ამის შემდეგ ერთი წელი თუ წელიწად-ნახევარი გასული კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ჩვენ ვერ დავარწმუნეთ იგივე „წარმატებით“, თუ მის გარეშე ევროკავშირი, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი ეკუთვნოდა. არადა რამდენიკე თვეში თვითონ დადეს დასკვნა, რომ ყველა მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვყოფილვართ პირველ ადგილზე. რატომ ვერ დავარწმუნეთ თქვენი აზრით მაშინ?! იმიტომ, რომ რაღაცების გამო არ დარწმუნდნენ ამაში და დღესაც იგივე მოცემულობა გვაქვს. დღესაც არ რწმუნდებიან ჩვენი პარტნიორები, რომ ეს არის ეროვნული, ევროპული სტილის, ამერიკული სტილის კანონი. იგივე მოქმედებს აშშ-ში, იგივე და უფრო მკაცრი რეგულაციები მოქმედებს აშშ-ში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.