როგორც ჩანს რამდენიმე ტოპ ტვინმა მოტვინა, რომ 300 000 ხმით ნაკლები რომ აგვეღო მაინც ვიგებდით არჩევნებს და უცებ ეს რიცხვი 400 ათასამდე გაზარდეს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, არჩევნებზე მომხდარი ყველა დარღვევა დაფიქსირებულია, მიმდინარეობს გამოძიება და მათ მიღმა სხვა დარღვევებზე მტკიცებულებები არ არსებობს.
„მტკიცებულებები არ არსებობს და რას მიიტანენ?! მტკიცებულებები არსებობს მხოლოდ იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომლებზეც მე ორჯერ ჩავატარე ბრიფინგი და შსს-ში გამოძიება უკვე დაწყებულია ამ ფაქტებზე, როდესაც მათ სცადეს რამდენიმე ათეული და ასეული ხმის მოპარვა „ქართული ოცნებისათვის“. რამდენიმე ათეულ შემთხვევაში გამოუვიდათ, ნამდვილად არ ვაბრალებ, რომ მათ შეძლეს არჩევნების გაყალბება „ქართული ოცნებისათვის“, როგორც ისინი ინტერპრეტირებდნენ ბრიფინგების შემდეგ დღეებში. რადიკალებმა რამდენიმე ათეული ხმის მოპარვა ჩვენთვის შეძლეს, საბედნიეროდ, მსგავსი საკითხებით არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენას ვერ შეძლებდნენ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ სულ რაღაც, 900 000 ხმით გავუსწარით მეორე ადგილზე გასულ პარტიას. ამ ფაქტების გარდა მეტი ფაქტი გაყალბების მცდელობის შესახებ არ არსებობს. ერთადერთი იყო მარნეულის ერთ-ერთი უბანი, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავე დაკავებულია. ყველა დარღვევა დაფიქსირდა. იმდენი სუბიექტური დამკვირვებელი იყო თითოეულ უბანზე, რომ იქ რაღაცის გაპარება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ესენი ამბობენ 300 ათასი ადამიანის ხმა გააყალბებსო. მერე, ორი კვირის მერე ეს რიცხვი 400-მდე გაზარდეს, როგორც ჩანს რამდენიმე ტოპ ტვინმა მოტვინა, რომ 300 000 ხმით ნაკლები რომ აგვეღო მაინც ვიგებდით არჩევნებს და უცებ გაზარდეს 400 ათასამდე“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.