იმ ადამიანების განცხადებები, რომლებმაც მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მხარდაჭერით საპარლამენტო მანდატები მოიპოვეს და თითქოს უარს ამბობენ, არის არალეგიტიმური და ამ განცხადებებს ამ ეტაპზე იურიდიული ძალა არ გააჩნიათ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას სიების ე.წ. ჩახსნა დღევანდელი მოცემულობით არ შეუძლიათ.
„მათი მოთხოვნა, მათი განცხადებები იურიდიულ ძალას შეიძენს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ უფლებამოსილებას ცნობს ახლად არჩეული პარლამენტი და ამის შემდეგ მიმართავენ იმავე შინაარსის განცხადებებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში მიიჩნევა, რომ ისინი ნამდვილად უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ბუნებრივია, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმის შესახებ, რომ ჩვენი ოპონენტები ამ ეტაპზე სწორედ იმიტომ წერენ განცხადებებს, რომ შემდეგ მათ მართლა არ მოუწიოთ მანდატებზე უარის თქმა. შემდეგ ალბათ იტყვიან, რომ უკვე დაწერილი აქვთ განცხადებები და ალბათ ახალი განცხადებების დაწერისგან თავს შეიკავებენ. დაველოდოთ, თუ მართლა უნდათ მათ დატოვონ საპარლამენტო მანდატები, როდესაც მათი უფლებამოსილება იქნება ცნობილი, მაშინ უნდა დაწერონ განცხადებები, თუ არ იციან ვასწავლით“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.