ასეთი ინფორმაცია ვრცელდება, რომ ოპოზიციას აქციაზე რეგიონებიდან ჩამოჰყავს მოქალაქეები, მეც მოვისმინე, მაგრამ მე სანამ დაზუსტებული ინფორმაცია არ მექნება ამასთან დაკავშირებით, ვერ ვილაპარაკებ. თუმცა არ გამოვრიცხავ არაფერს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და მმართველი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

„მათ ისე გაუჭირდათ, რომ შეიძლება გარკვეული ანაზღაურების გადახდაც დასჭირდათ, მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. ფაქტი ერთია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადებული აქვთ მობილიზება დიდი ტყუილის გასატანად. ასეთი ტყუილები აღარ გადის ამ ქვეყანაში.

საბედნიეროდ ამ ქვეყანას, ვინც არ უნდა დაარტყას გარედან, როგორმა ძალებმაც არ უნდა შემოგვიტიონ, ტყუილები აღარ გადის და ეს არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რომ ამ ქვეყანაში ტყუილებით, არა თუ გადატრიალებები და რევოლუციები, არამედ ელემენტარული გადაწყვეტილებების შეცვლაც კი არ ხდება.

თუ ამერიკულია, ფრანგულია, კანადურია კანონი, ამ კანონს ვერ დაერქმევა რუსული, მაგრამ თუ ქართულია, მითუმეტეს ვერ დაერქმევა. ჩვენი ოპოზიცია მიეჩვია ერთ რამეს, ყველაფერს ქართულს, რომელსაც ის ებრძვის, არქმევს რუსულს. ეს აღარ გავა, ამიტომ მოქალაქეს შეუძლია, თავისუფლად გადაწყვიტოს რა არის ქართული, ეროვნული და რა - არა, უნდა დააკვირდეს ამ ჩვენი ფსევდო ლიბერალური აგენტურული ოპოზიციის ე.წ. ნარატივს და მიხვდება.

რასაც ისინი საქართველოში რუსულს ეძახიან, ყველაფერი ეროვნულია. მათსავით რუსულ საქმეს საქართველოში არავინ აკეთებს რეალურად“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.