ძალიან კარგად იციან ჩვენმა ოპონენტებმა, რომ ელექტრონული არჩევნები არ გულისხმობს ონლაინ არჩევნებს. ონლაინ არჩევნები არის აბსოლუტურად განსხვავებული რაღაც, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა ერიდება, მათ შორის ტექნოლოგიური დახვეწილობის თვალსაზრისით ჩვენზე განვითარებული ქვეყნები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამ რისკებზე როდესაც საუბრობენ, ეს ზოგადი თემა კი არ არის. მაგალითად, ჩვენ ვიცით, რომ ასეულობით ათასი ჩვენი ემიგრანტი ცხოვრობს რუსეთში და აღარ გავაგრძელებ ქვეყნებს, შეუძლებელია, ჩვენ ვენდოთ, ვთქვათ, რომელიმე ქვეყანას იმაში, რომ ონლაინ მხარდაჭერის, ონლაინ არჩევნების პირობებში ამ ქვეყნიდან წამოვა ობიექტური ხმები. მარტო რუსეთზე არ არის, არ შეიძლება, ასე უბრალოდ ენდო სხვადასხვა ქვეყანას, განსაკუთრებით ჩვენს ოკუპანტ ქვეყანას, რომ იქიდან ობიექტურად ხმები წამოვა. ასეულობით ათასი ხმის არაობიექტურად წამოსვლა ნიშნავს არჩევნების შედეგების ამოტრიალებას.

ბუნებრივია, ამაზე ვერცერთი სახელმწიფო ასე მარტივად ვერ წავა, თან როდესაც ჩვენ ემიგრაცია ამ ქვეყანაში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი. ამის გარისკვაზე თეორიაშიც არ უნდა იყოს ლაპარაკი და, ბუნებრივია, ეს ვერც იქნება. მოვუწოდებ ჩვენს ემიგრანტებს, თუკი მათ აქვთ რაიმე საშუალება იმისა, რომ მივიდნენ უბნებზე, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობაა ჩვენი ემიგრანტებისა, იქ იხსნება უბნები და მიიღებენ მონაწილეობას იმავე წესით, როგორც იღებდნენ აქამდე, მოვუწოდებ მაქსიმალური ჩართულობისკენ ჩვენს მომავალ არჩევნებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.