ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა, საკითხი ასე არ უნდა დადგეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.

„თანამედროვე სამყაროში არსებობს გამოწვევა, როგორც 2017 წელს არსებობდა - ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამოვქოლეთ ეს კარი. ჩვენ მოვიჭერით გზა და იმ ხალხს მოვუჭერით გზა, რადგან თუ ვინმეს მოუნდება, რომ დაგვაძალოს ერთნაირსქესიანთა ქორწინება, ვეტყვით, რომ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ ეს არის აკრძალული. ახლა კანონზე ვიმსჯელებთ და ვიფიქრებთ იმიტომ, რომ თუკი როდესმე იქნება იმის ცდუნება, რომ ლგბტ პროპაგანდამ საქართველოში ფრთები გაშალოს ისე, როგორც სხვა ქვეყნებში, ეს კარიც ამოვქოლოთ. ან ევროპა, ან ლგბტ პროპაგანდა - ასე არ უნდა დადგეს საკითხი. არც დგას, არც დავაყენოთ, არც ვიკადროთ! თუ ასე დადგება საკითხი, ეს არის დამაზიანებელი, დამანგრეველი. ამიტომ, იმედი მაქვს, ვერავინ გაგვიბედავს, რომ ამ ღირსეული მიდგომების გამო ასე დაგვიყენოს საკითხი. ჩვენ ღირსეულად, ორ ფეხზე მყარად დგომით, ღირსებით, ტრადიციების დაცვით, ეროვნული იდენტობით, ქრისტიანული ღირებულებებით უნდა შევძლოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა. ეს ერთად აღებული არ უნდა წარმოადგენდეს სირთულეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.