ტრუსკავეცი ჩვენ არ დაგვსიზმრებია. ეს იყო უკრაინელი კოლეგებისგან მოწოდებული ინფორმაცია. გვამშვიდებდნენ, რომ სააკაშვილი არაფერს აპირებს, პირიქით, რამდენიმე დღეა, ტრუსკავეცში, ნომრიდან არ გამოსულაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მანვე ისაუბრა 2021 წელს გაკეთებულ საკუთარ განცხადებაზე, რა დროსაც თქვა, რომ სააკაშვილი ცრუობდა და არა საქართველოში, არამედ უკრაინის კურორტზე, ქალაქ ტრუსკავეცში იმყოფებოდა.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, ეს იყო უკრაინელი კოლეგებისგან მიღებული ინფორმაცია, თუმცა ვინაობას არ აკონკრეტებს.
„პირადად მე ამ საკითხზე საუბრისგან თუ ვიკავებდი თავს, ამდენი ხნის შემდეგ, დღეს მომეცა საშუალება, ვთქვა, რომ, მაგალითად, ტრუსკავეცი, რომელსაც ხშირად მახსენებენ ხოლმე, ჩვენ არ დაგვსიზმრებია. ეს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან მოწოდებული ინფორმაცია იყო. აღარ დავაკონკრეტებ, ამისი დროც მოვა. გვამშვიდებდნენ, რომ არა, ეს კაცი არაფერს აპირებს, პირიქით, აქ არის, რამდენიმე დღეა, ტრუსკავეცში, ნომრიდან არ გამოსულაო. დღეს დადგა დრო, ეს მეთქვა. მე ბოდიშები ვიხადე მეორე დღეს. ჩემი ინფორმაცია არ ყოფილა, ჩემს ნათესავებს, ახლობლებს არ დაურეკიათ იქიდან, რომ აქა და აქ არის ეს კაციო, დიახ, მათი ინფორმაცია იყო, უკრაინელი კოლეგების, მეტ დეტალიზაციას არ ვაპირებ, სახელს და გვარს, რა თქმა უნდა, არ ვიტყვი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.