ჩვენ არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ისეთ ძალასთან, რომლის პრიორიტეტი არ არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს რუსულმა ძალამ საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, არჩევნების გაყალბებისა და მიტაცების შემდეგ, კიდევ ერთი  უკანონო ნაბიჯი გადადგა - არალეგიტიმური პარლამენტის ფორმირების შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტი მიიტაცა. 
ყაველაშვილის პიროვნულ თვისებებზე არაფერს ვიტყვი, არც პრეზიდენტის თანამდებობისთვის შეუსაბამო უნარ-ჩვევებზე შევჩერდები - ეს საზოგადოებამ შეაფასოს. 
მხოლოდ ერთს აღვნიშნავ - ერთადერთი, რითაც მან საზოგადოებას თავი დაამახსოვრა, ეს არის რუსეთის უპირობო მორჩილება და რუსული კანონი, რომლის ავტორიც და უპირობო დამცველიც ის და მისი პოლიტიკური დაჯგუფებაა. 
ეს ადამიანი და მისი პატრონები წარმოადგენენ გამოკვეთილ რუსულ ძალას საქართველოში, რომელსაც ცრუ ქართულ-პატრიოტული შეფუთვით წლებია ეს ქვეყანა მიჰყავთ იზოლაციისკენ და რუსეთისკენ. 
ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით საქართველოში ხორციელდება კონსტიტუციური გადატრიალება, რომელსაც ეროვნულობას ამოფარებული პრორუსული ძალები ახორციელებენ, იმისთვის, რომ ბოლომდე მიიტაცონ ყველა სახელმწიფო, დემოკრატიული ინსტიტუტი, ფეხქვეშ გათელონ საქართველოს კონსტიტუცია და ეს ქვეყანა დააყენონ არალეგიტიმაციის დაუსრულებელ გზას.  
როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ არ ვაპირებთ ვითანამშრომლოთ ისეთ ძალასთან, რომლის პრიორიტეტი არ არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა.  ჩვენი ვალია, არ მივცეთ მათ იმის საშუალება, რომ ბოლომდე მიიყვანონ მზაკვრული გეგმა, ქვეყნის სუვერენიტეტის ნგრევის, რუსეთის სამსახურში ჩაყენების, ანტიეროვნული პოლიტიკის განხორციელების, რისი შედეგიც არის ასობით ათასი ემიგრანტი - ეს არის რუსული პოლიტიკა - საქართველო ქართველების გარეშე!
მე და ჩემი თანაგუნდელები ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ წინ აღვუდგეთ ამ მტრულ გეგმას და არ მივცეთ მოღალატე ხელისუფლებას მისი განხორციელების საშუალება. 
მჯერა ქართველი ხალხის მებრძოლი სულის!
ვირჩევთ ევროპას, რაც ჩვენი ეროვნული არჩევანია!“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა