დღეს მინდა ვისაუბრო საქართველოში უდიდეს პრობლემაზე, პრობლემაზე, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებამ დაუშვა და წაახალისა. ესაა პრობლემა, რომელიც უამრავი ჩვენი მოქალაქის ოჯახში შეიჭრა. შემოიჭრა ჩვენს ქვეყანაში ხელისუფლების თანამონაწილეობით და დანაშაულებრივი გულგრილობით. - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
"სამწუხაროდ, რუსების უკონტროლო შემოდინების პარალელურად, საქართველოში უკონტროლოდ შემოედინება უფრო დიდი საფრთხე, ათობით დასახელების ნარკოტიკული საშუალება, რომელიც წამლავს და მომავალს უნადგურებს ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძვირფასს და საიმედოს - ახალგაზრდობას.
ნარკოტიკების მოხმარება ეპიდემიად იქცა. „ქართული ოცნების“ სტატისტიკის მიხედვითაც კი, რომელიც, სავარაუდოდ, არ ასახავს პრობლემის სრულ სიმწვავეს, ნარკოტიკების შემოტანის მაჩვენებელი 70%-ით გაიზარდა 2021 წლიდან 2023 წლამდე.
მხოლოდ ერთ წელიწადში, 2022 წლიდან 2023 წლამდე, ნარკოტიკებით ვაჭრობის ფაქტები 49%-ზე მეტით გაიზარდა.
ნარკოტიკების მოხმარების აფეთქება რუსების შემოჭრას ემთხვევა. რუსეთის ბევრი მოქალაქე, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოში შემოსვლის ნება მისცა კავშირში არიან კრიმინალურ დაჯგუფებებთან, რომლებიც ნარკოტიკებით ვაჭრობენ.
რაც ყველაზე ტრაგიკულია, შინაგან საქმეთა სამინისტროსვე ოფიციალური ინფორმაციით - ყოველწლიურად 30-40 ქართველი იღუპება ნარკოტიკებისგან, ძირითადად ახალგაზრდები - ადამიანები, რომლებიც ჩვენი მომავალი უნდა იყვნენ.
დღეს მე შევხვდი დედებს - ყოველდღე, ჩვენ ვისმენთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკებს - ყოველდღე ჩვენს გვერდით იღუპებიან ახალგაზრდები. ყველა მშობელმა იცის ის რაზეც ახლა ვსაუბრობ. ყველას სმენია და საკუთარი თვალით უნახავს რას უშვება ნარკოტიკები ჩვენს ახალგაზრდობას. ეს ხდება ჩვენი შვილების, მეზობლების, მეგობრების და ახლობლების ირგვლივ. ეს ხდება სკოლებში, უბნებში, ქალაქებში და სოფლებში. ძალიან ბევრმა მშობელმა დაკარგა საკუთარი შვილი, გაუბედურდა ოჯახები.
დღეს ჩემი გზავნილი მარტივია: ქართულმა ოცნებამ უნდა შეწყვიტოს ჩვენი შვილების მკვლელობა!
„ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებელი ნარკომანიისა და ნარკოდანაშაულის ამ აფეთქებაზე, რადგან ისინი ადამიანების უბედურებას იყენებენ საარჩევნო ხმებით ვაჭრობისთვის.
ჩნდება კითხვა - როგორ შეიძლება ქვეყანაში ნარკო-პანდემია ასეთი მასშტაბით მძვინვარებდეს ისე, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების ყურადღების მიღმა რჩებოდეს?! მაშინ, როდესაც დღეს ყველა და ყველაფერი კონტროლდება.
ეს არის ყველაზე ამაზრზენი კორუფციის გამოვლინება, საკუთარი შვილების სიცოცხლით და ჯანმრთელობით ვაჭრობა პოლიტიკური სარგებლისთვის.
„ქართული ოცნება“ არის პასუხისმგებელი ნარკომანიის ამ აფეთქებაზე, რადგან მათი პოლიტიკა მთლიანად იგნორირებას უკეთებს პრობლემას.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით „ლელო“ გამოდის ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით, რომელიც მიზნად ისახავს ნარკომანიისა და მასთან დაკავშირებული კორუფციის ეპიდემიის დასრულებას - ესაა
„ქართველი ახალგაზრდების დაცვის აქტი“.
აქტი მოიცავს 3 ძირითად ინიციატივას:
• პირველ რიგში, ჩვენ დავიწყებთ უკომპრომისო ბრძოლას ნარკოტიკების მწარმოებლების, მოვაჭრეების, დილერებისა და დისტრიბუტორების წინააღმდეგ. ჩვენ ვიბრძოლებთ და დავსჯით ნებისმიერ პოლიციელს, მოსამართლეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენელს, რომლებიც ხელს აფარებს დანაშაულს.
• მეორე, განსაკუთრებით ეფექტურ კანონმდებლობას და კონტროლს დავუწესებთ ყველა თანამდებობის პირს ნარკოდამოკიდებულების საკითხზე. (ოცნება ცდილობს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატებს ნარკო-ტესტირება გააუქმოს და კანონი პირველი მოსმენით მიღებული აქვს, ეს დაუშვებელია)
• მესამე, ნარკომომხმარებლების სასტიკად დასჯისა და მათი ბედით ცინიკურად მანიპულირების ნაცვლად - ანუ იმ ადამიანების, ვინც მხოლოდ მოიხმარს ნარკოტიკებს, არ ავრცელებს მათ და არის რთულ ვითარებაში, რადგან ვერ ანებებს თავს ამ სენს, ჩვენ ვიქნებით შემწყნარებლები. ჩვენ მოვახდენთ ამ ნაწილის დეკრიმინალიზაციას და მთელს ძალისხმევას მივმართავთ რეაბილიტაციაზე, განათლებასა და პრევენციაზე.
ჩემი გზავნილი ყველა მშობლისა და ყველა სოციალური ჯგუფისათვის ასეთია: არ უნდა გააგრძელდეს თქვენი ტანჯვა; თქვენ არ გჭირდებათ შვილების დაკარგვა; თქვენ არ გჭირდებათ ნარკომანიის მსხვერპლი იყოთ.
ამიტომ ახლა, როგორც არასდროს საჭიროა მაქსიმალური მობილიზაცია და საზოგადოებასთან კომუნიკაციით, სამიზნეა გასასწორებელი! დღეს მე შევხვდი ქალბატონებს, დედებს, რომლებმაც მოგვმართეს ამ გამოწვევის წინააღმდეგ ძალების გაერთიანების თხოვნით და ლელო ხსნის კარს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის ვინც მზად არის გამოგვყვეს ამ ბრძოლაში." - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე.