ბარიერის გადალახვის პრობლემა არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, ხელისუფლებაში მოვიდეთ, ვიყოთ წამყვანი ძალა კოალიციაში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტების კითხვას "ხალხის ძალას" დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
მამუკა ხაზარაძის თქმით, „ხალხის ძალა“ მისთვის ავტორიტეტი არ არის.
„ესენი ძირითადად ემსახურებიან რუსულ პოლიტიკას ქვეყანაში. ამ პოლიტიკურ ძალასა და „ოცნებას“ შორის განსხვავება უბრალოდ, არ ვიცი. ეს არის ერთი ძალა, რომელიც რუსულ ხელისუფლებას ემსახურება საქართველოში. ბარიერის გადალახვის პრობლემა ჩვენ არ გვაქვს, ჩვენ გვინდა, ხელისუფლებაში მოვიდეთ, ვიყოთ წამყვანი ძალა კოალიციაში. ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რაც შეეხება „ლელოს“ ბანერს, სადაც დატანილია წარწერა, რომ „39 კვირის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში“, საკითხის კომენტირებისას ხაზარაძემ აღნიშნა:
„ბანერებს აუცილებლად გავაგრძელებთ. ეს ძალიან უწყინარი ბანერია. მსგავსი განცხადება სასამართლო დარბაზიდანაც გავაკეთე, ბილეთიც გავუგზავნე მოსკოვი-თბილისის და მაშინ ასეთი რეაქცია არ ყოფილა. ამიტომ, ბანერზე ასეთი რეაქცია თუ აქვთ, ცუდად ყოფილა მათი საქმე. ვფიქრობ, სხვა რამის გამოა ეს, ნათლად ხედავენ ალტერნატივას, ნათლად ხედავენ, რომ ქართველი ხალხი ასე გაგრძელებას არ აპირებს და არჩევნები წაგებული აქვთ. აქედან გამომდინარე არის ასეთი რეაქცია“.