კახა კალაძე, ნამდვილად, ყველას ყველაფერი ახსოვს... დანარჩენზე სასამართლოში, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან მამუკა ხაზარძე  „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოქალაქეებისთვის ბიზნესების წართმევაში დაადანაშაულა.

მამუკა ხაზარაძე კალაძის მიმართ სარჩელის შეტანას მომავალ კვირაში გეგმავს. როგორც მისმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მედიასთან განაცხადა, თბილისის მერს ედავებიან მამუკა ხაზარაძის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციის შელახვას.

„პრესკონფერენციაზე, რომელიც 17 იანვარს კახა კალაძემ გამართა, იყო ფრაზები, რომლებიც ეხება მამუკა ხაზარაძის პატივს, ღირსებას და საქმიან რეპუტაციას. ის უკავშირდება თითქოსდა მის მიერ ვინმესთვის ბიზნესის წართმევას, ეს არის არასწორი ცნობები. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს მომდევნო კვირაში პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის ცნობების უარყოფის მოთხოვნით“, - აცხადებს კორძაძე.