პარტია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ზამთარში ოჯახების გარეთ გამოსახლებას კატასტროფა უწოდა და განაცხადა, რომ "თიბისი" ბანკში მისი მმართველობის დროს ზამთარში გამოსახლება არ ხდებოდა
"ყველა ქვეყანაში მსგავსი რამ ზამთარში არის აკრძალული, ეს არის კატასტროფა", – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
"ლელოს" ლიდერი თქმით "თიბისი" ბანკში მისი მმართველობის - "ჩემს დროს მსგავსი რაღაც არ ხდებოდა და არც ახლა არ ხდება".
ცნობისთვის, "2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას.
ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება.
აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი.
აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით" - ნათქვამია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
მოგვიანებით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გაავრცელა განცხადება - თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესი დასრულებულია