„თქვენ ცდილობთ, რომ ჩვენს მოსახლეობას დაუკნინოთ ის გრძნობა, რასაც პატრიოტიზმი ჰქვია და არ მოგცემთ ამის საშუალებას. დეზინფორმაცია, ღვარძლი ეს ის საშუალებებია, რომლებიც კარგა ხანია გაცვდა“, - მიმართა ოპოზიციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიში მოისმინეს.
მისი შეფასებით, ყველაზე ცუდი, რასაც ოპოზიცია აკეთებთ არის მათი მხრიდან ერის დაკნინების მცდელობა, რაც არ გამოუვათ.
„სჯობს, გაეცნოთ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროგრესს, გაერკვეთ რა კანონები გვაქვს მისაღები, აქტიურად იმუშაოთ იმ ფორმატში, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ შემოგთავაზათ და იმით მაინც დაამახსოვროთ საქართველოს მოსახლეობას თავი, რომ ხელი არ შეუშალეთ გადასვლას იმ აქტიურ ფაზაზე, რასაც სწრაფი ინტეგრაცია ჰქვია. დაანებეთ ჩვენს სამშობლოს თავი, ნუ სცხებთ ჩირქს. შეეცადეთ, იყოთ კონსტრუქციულები და ჩვენი მხრიდან გამოწვდილი თანამშრომლობის ხელი გამოყენებულ იქნეს იმისთვის, რომ ამ ქვეყნის სწრაფი ევროინტეგრაცია გაგრძელდეს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა რა პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს, აღნიშნა, რომ ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული ანგარიში
„ეს არის ანგარიში, რომელიც პირველ რიგში გვჭირდება იმისთვის, რომ მშვიდობიანად გავაგრძელოთ გზა ქართული ევროინტეგრაციისთვის. ეს იყო ანგარიში, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და გაიაზრონ რას ნიშნავს სიტყვა სამშობლო, რომ ეს სიტყვა არ უნდა გადავაყოლოთ რაღაც მერკანტილურ ინტერესებს და არ უნდა დავმოძღვროთ , როგორც ქალბატონმა ანამ იცის ხოლმე, კოლეგები და არ უნდა შეურაცხვყოთ საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ იმის გამო, რომ არჩევნებისას წინა რიგებში მოხვდეთ სიების მომდევნო პარლამენტში.
ბატონ შალვას მადლობა მსურს გადავუხადო და კიდევ ყველა კომიტეტის თავმჯდომარეს, პარლამენტის ყველა წევრს როგორც უმრავლესობიდან, ასევე ოპოზიციიდან, მხოლოდ მატ, ვინც ოდესმე მონაწილეობა მიიღო რომელიმე იმ კანონპროექტის განხილვაში, რომელთა ჯამი 622 იყო, როგორც ბატონმა შალვამ გვითხრა. „გირჩს“ გაუკვირდა ბევრიაო 622. მან საერთოთ არ იცის რატომ არის ამდენი კანონპროექტი. მან არ იცის, რომ ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ სხვანაირად ევროინტეგრაცია ვერ განხორციელდება. ევროინტეგრაცია კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ნიშნავს და ამაზე ვმუშაობთ ჩვენ 2014 წლიდან დაწყებული. რა მიიღო ქართველმა ხალხმა 2014 წლიდან დაწყებული ამ კანონმდებლობის ფორმირებით?. ქართველმა ხალხმა მიიღო მარტივად რატიფიცირებული ასოცირების ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა ევროკავშირში, ინვესტიციები ევროკავშირიდან, უფლება იმისა, რომ ვივაჭროთ და გავაძლიეროთ ვაჭრობა ევროკავშირთან“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
მისი თქმით, გასული წლის განმავლობაში იყო მიღებული რამდენიმე, სრულიად ახალი კანონი, რომლებიც ასოცირების ვალდებულების შესრულებას ეხებოდა და ისინი პირდაპირ დაკავშირებულია ადგილზე მოსახლეობისთვის წყლის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ენერგოდამოუკიდებლობას, ამ კანონის მიღების შემდეგ საქართველოსთვის არაერთი თანხა იყო გამოყოფილი იმისთვის, რომ რეგიონებში წყალარინების ინფრასტრუქტურა მოწყობილიყო.
"გასულ წელს მივიღეთ კანონი სამრეწველო ემისიების შესახებ, რის შედეგად ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება. მეტი კონტროლი დამყარდება ბიზნესზე და იმ ბიზნესს, რომელიც საწარმოო ციკლს გამოასწორებს, ერთ წელიწადში ენერგეტიკული გაერთიანების წევრობიდან გამომდინარე, საშუალება ექნება თავისი პროდუქცია თავისუფლად გაიტანოს ევროკავშირში. შესაბამისად, ახალი ბიზნესი არის ახალი სამუშაო ადგილები და წილი ეკონომიკაში. და ასე თანმიმდევრულად იზრდება ეკონომიკა. უნდა ითქვას, რომ მხოლოდ გასულ წელს, 32 ახალი დაცული ტერიტორია შევქმენით - ეს არის წილი ადგილობრივ ეკონომიკაში, დასაქმება ადგილზე, გრანტები, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებიდან და მცირე მეწარმეობის განვითარება ადგილზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ და ოპოზიციას თანამშრომლობისაკენ მოუწოდა.