ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაჟღერებული განცხადებები საპარლამენტო გუნდის ხედვასთან აბსოლუტურად თანხვედრაშია. ჩვენ ნამდვიალად მივესალმებით იმას, რომ სერვისები მეტად გაუმჯობესდეს და ბიუროკრატიული მანქანა უფრო მოქნილი გახდეს, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.
იგი გამოეხმაურა გახარიას პარტიის წარმომადგენლის მიერ კობახიძის მიმართ გაკეთებულ განცხადებას, რომ ახალმა პრემიერმა ბევრი რამ სიტყვებით კი არა საქმით დაამტკიცოს.
„ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს, საპარლამენტოს და ახლა სამთავრობოს, ბევრი რამ უკვე დამტკიცებული აქვს და კვლავ დაამტკიცებს. რას იტყვის ახლა გახარიას პარტია, რომელიც დახტის ერთი პოზიციიდან მეორე პოზიციაზე, ეს საერთოდ სხვა საკითხია და საინტერესო არ არის.
ფაქტი ფაქტია, რომ სწორედ გახარიას პრემიერობის დროს მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ ზოგიერთი მთავრობის მიერ მიღებული განკარგულება არ იდებოდა მთავრობის შესაბამის გვერდზე. თუმცა, ეს არ არის მთავარი. მთავარია ის ხედვა, რომელიც ირაკლი კობახიძემ დღეს კიდევ ერთხელ ხაზგასმით გააჟღერა, რაც საპარლამენტო გუნდის ხედვასთან აბსოლუტურად თანხვედრაშია. ჩვენ ნამდვილად მივესალმებით იმას, რომ სერვისები მეტად გაუმჯობესდეს და ბიუროკრატიული მანქანა უფრო მოქნილი გახდეს.
ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც კანონმდებლობას ევროკავშირის კანონმდებლობის პარალელურად ვხვეწთ, აქ ბიუროკრატიული მანქანა იზრდება. ის გამოცდილება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ, რომ დახვეწონ და შეამსუბუქონ, ჩვენ უნდა გავიზიაროთ, რადგან ეს გზა უკვე გავლილია“, - აღნიშნა ბითაძემ.