"რამდენიმე წელია უკვე ევროკავშირი მუშაობს აღნიშნულ საკითხზე, რომ გარდა იმისა, რომ ერთის მხრივ, მიგრაციის პოლიტიკა მართონ უფრო ეფექტიანად, მეორეს მხრივ, ევროკავშირს შეეძლოს ამ საკითხით მესამე ქვეყნებზე, იმ ქვეყნებზე, რომლებზეც ვრცელდება და ვისაც აქვთ წვდომა ევროკავშირში უვიზო მიმოსვლაზე, მათზე ჰქონდეთ გავლენის მოხდენის უფრო ეფექტიანი მექანიზმი," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც რადიო "თავისუფლების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს.
"ეს არის რეალურად ფაქტი, და, დიახ, როდესაც ვსაუბრობთ, რომ მარტივდება, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩნდება უფრო მეტი საფუძველი იმისა ევროკავშირის ხელში, რომ მან შეუჩეროს სხვა ქვეყანას წვდომა შენგენის ზონაში," - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი.
ცნობისთვის, "რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებულ სტატიაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად ამ პრივილეგიით სარგებლობენ, მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, ევროკავშირი იკანონებს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს და ბრიუსელს სურს, სავიზო პოლიტიკა მესამე ქვეყნებზე ზეწოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გამოიყენოს.