ბაჩიაშვილის არალეგალურ საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს და სხვა გზა რომ ვერ იპოვა, მოდი, ახლა ოპოზიციას შევუერთდები, იქნებ რაღაცით გადამარჩინონო, იმიტომ, რომ იცის რაშიც არის დამნაშავე, ყველაფერი კარგად მოეხსენება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მისი თქმით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი, აბსურდულ განცხადებებს ავრცელებს, თუმცა, თუ დავუშვებთ, რომ ის სიმართლეს ლაპარაკობს, გამოდის, რომ ისიც დანაშაულის თანამონაწილე იყო, რადგან საგამოძიებო უწყებებს ინფორმაციას არ აწვდიდა.
"რაც მან განაცხადა, ჯერ ერთი, აბსურდია და არანაირად რეალობას არ შეესაბამება, მაგრამ მასთანვე მაქვს კითხვა: თუ, დავუშვათ ჰიპოთეტურად, ასეთი თემები ხდებოდა და ამ დროს იგი ამ ფონდის მმართველი დირექტორი იყო, მაშინ გამოდის, რომ მან დანაშაული დაფარა?! ანუ, იგი ვერ ხვდება, რომ ამ განცხადებით იგი აღიარებს, ჰიპოთეტურად რომ დავუშვათ, რომ ეს სქემა ხორციელდებოდა, რომ ესე იგი, ისიც თანამონაწილე იყო, ფარავდა ამ დანაშაულს და არ აწვდიდა ინფორმაციას საგამოძიებო უწყებებს?!
შესაბამისად, ეს არის ხავსს მოჭიდებული ახალგაზრდა, რომელმაც იცის, რომ მას მოუწევს პასუხისგება იმ დანაშაულზე, რაც ჩადენილი აქვს და კარგად იცის, და გამოძიება მიმდინარეობს და სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, შესაბამისად, ახლა ცდილობს, რომ ოპოზიციასთან დაახლოებით თავისი თავი გამოიძვრინოს, მაგრამ ვერც ის გამოიძვრენს თავს და ოპოზიციაც რომ ძალიან დიდი ანგარიშით დამარცხდება, ამას ჩვენ ხვალ ვიხილავთ ყველანი ერთად." - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.