საქართველოს პრეზიდენტი იმდენად არის მიჩვეული კანონის დარღვევას, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფება", - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში "ღამის კურიერი" განაცხადა. 

"იმდენად არის მიჩვეული კანონის დარღვევას, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფება.

ზოგადად, ამ საბჭოში ხდება განხილვები, ძირითადად, წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, დავებთან დაკავშირებით და ა.შ. რასაც არ ესწრება არცერთი ადგილობრივი დამკვირვებელი, არ ესწრება ოპოზიციური პარტიები, ამ შემთხვევაში პრეზიდენტის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

არანაირ კანონში არ ჯდება, როდესაც პრეზიდენტი თავის რეზიდენციას იყენებს საარჩევნო შტაბად. ფაქტობრივად, ეს აქვს დაანონსებული. ჩვეულებრივად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაა, რასაც ის ასე მოურიდებლად აანონსებს, თუმცა ქალბატონი ზურაბიშვილისგან ეს გასაკვირი არ არის, ვინაიდან მთლიანად არის გასული კონსტიტუციის ფარგლებიდან, რისი არაერთი მაგალითიც ვიხილეთ, მით უმეტეს, ბოლო თვეების გაnმავლობაში.

გერმანიაში ყოფნისას, როდესაც ემიგრანტებთან შეხვედრა გამართა, იქ გერმანიის კანონმდებლობაც დაარღვია, რაც შემდეგ დაადასტურა გერმანიის საელჩომაც. იმდენად არის მიჩვეული კანონის დარღვევას, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს მსოფლიოს რომელ წერტილში იმყოფება.

ამ ყველაფერზე იგი პასუხს აგებს. რამდენიმე დღეში შეგვაქვს სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, ეს იქნება ნოემბრის ბოლო, დეკემბრის დასაწყისი, როდესაც შეიკრიბება პარლამენტი. სიმბოლურ ხასიათს ატარებს , ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ისტორიაში დარჩება არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი არამედ , როგორც იმპიჩმენტის წესით გადაყენებული პრეზიდენტი.

[წინა შემთხვევაში] "ნაციონალურმა მოძრაობამ" იხსნა ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც რადიკალური კოლექტიური "ნაცმოძრაობის" ლიდერად ჩამოყალიბდა, შესაბამისად აწყობდათ, რომ ეხსნათ იმპიჩმენტისგან. მოგეხსენებათ, ჩვენი რეიტინგი 60%-ის ფარგლებშია და ზრდას ველოდებით დარჩენილი დღეების განმავლობაში, შესაბამისად იქ უკვე ჩვენ არავინ დაგვჭირდება და ჩვენითვე გადავაყენებთ მას იმპიჩმენტის წესით. ორი სიმბოლური დატვირთვა აქვს - ერთი, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ კონსტიტუციის დარღვევა ისჯება და მეორე, ჩვენი ამომრჩეველი, ვინც სალომე ზურაბიშვილს გვერდში დაუდგა, დავანახოთ, რომ "გადააგდო" ჩვენი ამომრჩეველი, ამისთვისაც დაისჯება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.